5 შეცდომა, რომელიც არ უნდა დავუშვათ პატარა მისაღები ოთახის ინტერიერში
#ინტერიერი
მისაღები ოთახი ის ადგილია, სადაც სახლის კომფორტით ვტკბებით, ამიტომ, მნიშვნელოვანია ლამაზი და კომფორტული იყოს. თუ შენი სახლის მისაღები ოთახი მცირე ზომისაა და გინდა, რომ სივრცე უფრო დიდი გამოჩნდეს, წაიკითხე შეცდომების შესახებ, რომელიც ინტერიერის მოწყობისას არ უნდა დაუშვა.
განათების არასწორად შერჩევა
ოთახის განათებას დიდი გავლენა აქვს გუნება-განწყობასა და სივრცის აღქმაზე. მისაღებ ოთახში განათების არასწორად შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა და მხოლოდ ჭერის განათების დამონტაჟებას გულისხმობს. მარტო ჭერის განათება სივრცეს კიდევ უფრო მცირე ზომისას გამოაჩენს. ამის თავიდან ასარიდებლად შეგიძლია დაამატო კედლის დეკორატიული ნათურები, რომელსაც ადამიანის სიმაღლეზე დაამონტაჟებ და თუ მისაღებ ოთახში ნახატების დაკიდებას აპირებ თითო კედლის ნათურა ნახატებსაც დაუყენე. ასევე, ოთახის ქვედა ნაწილის გასანათლებლად საჭიროა მაგიდის სანათი. სინათლის სწორად, თანაბრად გადანაწილება სივრცეს დიდს გამოაჩენს და განწყობაზეც დადებით გავლენას მოახდენს.
ნივთების არასწორად შენახვა
ზოგჯერ, პატარა მისაღები ოთახის მოწყობისას მიაჩნიათ, რომ რადგან სივრცე მცირე ზომისაა ადგილის დაზოგვის მიზნით დახურული კარადა უნდა აირჩიონ და ყველა ნივთი შიგნით მოათავსონ, თვალს მოარიდონ - ეს შეცდომაა. სრულად დახურული კარადა ისედაც მცირე ზომის სივრცეს დატვირთავს და ამოავსებს. შეცდომის თავიდან ასარიდებლად შეარჩიე კომბინირებული კარადა, რომელსაც უჯრები და სათავსოები ექნება მოცულობითი ნივთების მოსათავსებლად, ხოლო ღია თაროები მნიშვნელოვანი აქსესუარების დასაწყობად. გაითვალისწინე, ყველა ნივთის შენახვა (დამალვა) ადგილს არ დაგიზოგავს.
ავეჯის განლაგებისას დაშვებული შეცდომა
პატარა მისაღები ოთახის ავეჯით მოწყობისას ხშირი შეცდომაა დასაჯდომი გეგმის მხოლოდ სასადილო მაგიდისთვის შემუშავება. რა თქმა უნდა, სასადილო მაგიდასთან სკამების განლაგება მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია დივნის, სავარძლებისა და სკამების განლაგების გეგმის შემუშავება. მაქსიმალურად შეეცადე დასაჯდომი ავეჯი ერთმანეთის პირისპირ მოათავსო. წარმოიდგინე, რომ სტუმრები გყავს, რომლების ერთმანეთთან საუბარიც გარდაუვალია და დასვი კითხვები: რამდენად კომფორტულად შეძლებენ საუბარს? ხმას თუ მიაწვდნენენ ერთმანეთს? მარტივად მოხერხდება კომუნიკაციის დამყარება? ადვილად მივლენ დასაჯდომ ადგილამდე და მარტივად შეძლებენ გამოსვლას? ამ კითხვებზე პასუხი დაგეხმარება მისაღები ოთახი ისე მოაწყო, რომ კომფორტულთან ერთად ძალიან პრაქტიკულიც იყოს.
არასწორი ზომის ავეჯის შეძენა
სწორი ზომის ავეჯის შერჩევა პატარა მისაღები ოთახის მოწყობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ოთახის სიპატარავის გამო შეცდომას უშვებენ და მცირე ზომის ავეჯს ყიდულობენ, რაც სივრცეს რეალურზე პატარას აჩენს. ნუ შეგეშინდება პატარა ოთახის შევსების, გამოიყენე დიდი ზომის ავეჯი, რათა შექმნა ილუზია, რომ ოთახი უფრო დიდია.
პატარა ხალიჩის არჩევა
გავრცელებული შეცდომაა პატარა ხალიჩის არჩევა და ავეჯის შუაში მოთავსება. მისაღებ ოთახში სივრცის გასაზრდელად უნდა გამოიყენო დიდი ზომის ხალიჩა, რომელზეც ავეჯის უმრავლესობას მოათავსებ.
წაიკითხე სხვა ბლოგები პატარა ფართის ბინის მოწყობის შესახებ:
6 რჩევა პატარა აბაზანის მოსაწყობად
შემოსასვლელისთვის ფერის შერჩევის 4 წესი