ყვითელი ფერი სამზარეულოში - ყველაზე პოზიტიური და სასიამოვნო არჩევანი
#ინტერიერი
ყვითელი არაჩვეულებრივი ფერია, რომელიც თქვენი სახლის ინტერიერს ენერგიითა და სითბოთი ავსებს. ყვითელ ტონებში გადაწყვეტილი სამზარეულო განსაკუთრებით მყუდროდ გამოიყურება. ამ ფერის დამსახურებით თქვენ შექმნით მზიან ატმოსფეროს, სადაც ყოველი დღის ოჯახთან ერთად დაწყება სასიამოვნო, ხალისიანი და პოზიტიური დღის გარანტი იქნება.
ინტერიერში ყვითელი ფერის ნებისმიერი ჩრდილი განსაკუთრებულ პოზიტიურ ემოციებს აღძრავს. თუმცა ბალანსის დაცვა აუცილებელია. ყვითელი ფერის და იმ ნეიტრალური ფერების შეხამება, როგორებიცაა, თეთრი, ყავისფერი თუ ნაცრისფერი, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ყვითელის მკვეთრი ტონების გამოყენება ახალმოდურ დიზაინს ქმნის, შედარებით დელიკატური ჩრდილებისა კი - კლასიკურს.
სამზარეულო სახლის გულია. ინტერიერში სტუმართმოყვარე ატმოსფეროს, პირველ რიგში, ფერები ქმნის. სწორედ ამიტომ მონოქრომულობა სამზარეულოს ხასიათში არ ზის. თუ გადაწყვეტთ, რომ ყვითელი ფერი გამოიყენოთ, თავიდანვე უნდა იცოდეთ ამ სივრცეში რა დეტალი იქნება ყვითელი - ავეჯი, კედლები თუ ჭერი. ფერთა კომბინაციით კი უფრო საინტერესო დიზაინს იღებთ. მაგალითად, ნეიტრალური ფერებით შესრულებულ დიზაინში ღია ყვითელი ფერის სკამები დაამატეთ და ინტერიერი გაახალისეთ.
თუ ფერადი ინტერიერი არ მოგწონთ, მაგრამ გსურთ, რომ თქვენს სამზარეულოში მზიანი ატმოსფერო შექმნათ, ყვითელ ფერში შესრულებული კედელი იდეალური ვარიანტი იქნება. ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენეთ ან საღებავი ან შპალერი. შედარებით მაღალბიუჯეტიანი ვარიანტი თაბაშირის კედელია. ეს დეკორატიული საფარი ძალიან საუცხოოდ და ორიგინალურად გამოიყურება.
როგორც აღვნიშნეთ, ბალანსის დაცვა აუცილებელია. ყვითელი ფერის დასაბალანსებად სამზარეულოს ინტერიერში თეთრი ფერის ჩართულობა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ამასთან ერთად თეთრი ქმნის მანათობელ და სისუფთავის ეფექტს.
ყვითელისა და შავის ნაზავი სამზარეულოში კლასიკურ და კონტრასტულ ეფექტს მოგცემთ. ეს დიზაინი განსაკუთრებულად შთამბეჭდავად გამოიყურება. მთავარია, ძალიან ბევრი შავი არ გამოიყენოთ. მაგალითად, სამზარეულო კუნძული შავი ფერის იყოს, ხოლო ჭერი და კედლები უფრო ღია და ნეიტრალურ ფერებში გადაწყვიტეთ.
ერთ-ერთი პოპულარული ვარიანტი ნაცრისფერისა და ყვითელის კომბინაციაა. ნაცრისფერი ყვითელს ოდნავ ამუქებს, მაგრამ, ამასთან ერთად, დიზაინი საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება.
მმყუდრო და მოდური სამზარეულოს ძირითადი ფერები კი ყვითელი და მწვანეა. ორივე ფერი დადებით ემოციებს აღძრავს, სამზარეულო კი ოჯახური შეკრებებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ნათელი და მშვიდი ადგილი იქნება.
თუ რემონტი დასრულებული გაქვთ და სამზარეულოს ძირითადი ნაწილი სხვა ფერში გაქვთ გადაწყვეტილი, თქვენ კი მზიანი ყვითლის გამოყენებაც გსურთ, ექსპერიმენტების ჩატარება ყოველთვის შეგიძლიათ, მაგალითად, შეიძინეთ ყვითელი სკამები, ფარდები, თეფშები, სანათურები და სხვა.
საბოლოოდ რომ შევაჯამაოთ, ყვითელ ფერში გადაწყვეტილი სამზარეულო სახლის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ბედნიერი სივრცე იქნება, სადაც ყოველი დილის დაწყება დიდ პოზიტივს მოგიტანთ.