რა არის ვაბი-საბი და როგორ უნდა შექმნათ ის?
#ინტერიერი
ვაბი-საბი იაპონური ტერმინია, რომელიც არასრულყოფილებაში სილამაზის პოვნას ნიშნავს. „ვაბი“ თავმდაბლობით და უბრალოებით ცხოვრებას, ბუნებასთან ახლოს ყოფნას გულისხმობს, „საბი“ კი იმ შესაძლებლობას განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ ცხოვრება თავისი არასრულყოფილებით მიიღოთ.
ინტერიერის დიზაინის კონტექსტში, ვაბი-საბი ის ესთეტიკაა, რომელიც ხასიათდება ავთენტურობით, სიმარტივითა და სიმშვიდით. ამ დიზაინით მოწყობილ სახლში ჰარმონიას არასრულყოფილებაში იპოვით. გიზიარებთ იმ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს სახლში ვაბი-საბი შემოიტანოთ და სივრცეს სიმშვიდე, სიმყუდროვე და სასიამოვნო მუხტი შესძინოთ.
ვაბი-საბი - ეს ავთენტური დიზაინია. არ არსებობს იმაზე მეტად ავთენტური რამ, ვიდრე ხელნაკეთი ნივთებია. ადგილობრივ ბაზრობაზე ნაყიდი კერამიკა თუ ხელოვნების ნიმუში, რომელიც თქვენი ხელით შექმენით იმ დეკორაციების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს ინტერიერში დაამატოთ.
ერიდეთ არეულობას
მიუხედავად იმისა, რომ ვაბი-საბი არასრულყოფილებაში სილამაზესა და ესთეტიკას ხედავს, მისთვის ქაოსი მიუღებელია. ვაბი-საბის დიზაინით შექმნილი სახლი ყოველთვის კარგად ორგანიზებულია და არასოდეს არის გადატვირთული, რაც მშვიდი და წყნარი ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესია. მინიმალური ესთეტიკა ვაბი-საბის დიზაინში მიღებულია, თუმცა გახსოვდეთ, რომ უბრალოება საჭიროა იმისთვის, რომ სახლში სიწყნარე შექმნათ.
ვაბი-საბის დიზაინში მთავარი კომპონენტი ორგანული მასალები და ელემენტებია. მცენარეები, ხე და ქვა არაჩვეულებრივი შეხსენებაა იმისა, რომ სილამაზე ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია იპოვოთ. ხის ავეჯი და ახალი ყვავილები სახლში დადებით ატმოსფეროს ქმნიან. ვაბი-საბის დიზაინში ყველაზე პოპულარული მცენარეების ადგილს სუკულენტები იკავებენ, ამიტომ თუ გსურთ, რომ ეს დიზაინი თქვენს სახლში გადმოიტანოთ, ინტერიერში კაქტუსები და ალოეს მცენარეები ჩართეთ.
არ არის საჭირო, სახლში ყველა ნივთი ერთმანეთთან რამე ნიშნით დაკავშირებული იყოს. ზოგჯერ, ყველანაირად შეხამებული დიზაინი ინტერიერში ხასიათს აქრობს და სახლს ნაკლებად სტუმართმოყვარეს ხდის. ვაბი-საბი არ გულისხმობს, რომ რადიკალურად განსხვავებული ვიზუალის დეკორაციები ერთ სივრცეში განათავსოთ, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ თქვენი საყვარელი აქსესუარი იმ შემთხვევაშიც გამოიყენოთ, თუ ის მთლად ესთეტიკურად არ ესაბამება სხვა ნივთს. როგორც ხვდებით, ვაბი-საბის დიზაინში არასრულყოფილება სრულყოფილებაა.
ვაბი-საბის დიზაინი მგრძნობელობით გამოირჩევა, რომელსაც თქვენს სახლში ნოსტალგიის და სილამაზის შეგრძნებები შემოაქვს. ამ დიზაინში ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ მოგანიჭოთ ბედნიერება და სიმშვიდე.