2023 წლის ტრენდული ფერები
#ინტერიერი
ინტერიერის დიზაინი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტად კრეატიულობის და ინდივიდუალიზმის გამომხატველი ხდება. ამის საშუალებას კი ყველაზე მეტად ფერები იძლევა. ადამიანები თამამად ირჩევენ ფერებს, რაც შესაძლებობას აძლევთ შემოქმედებითად გამოხატონ საკუთარი თავი და შექმნან უნიკალური პერსონალური სივრცე. თუ ინტერიერში ამ ყველაფრის მიღწევა გსურს და შთაგონებას ეძებ, წარმოგიდგენთ 2023 წლის ტრენდულ ფერებს.
წითელი და ნარინჯისფერი
„ასეთი ფერის კედელი ვის გაუგია?“, „მთავარი ფერი უნდა იყოს ნეიტრალური“ - ეს და მსგავსი ფრაზები უკვე წარსულს ჩაბარდა. 2023 წლის ტრენდული ფერების სიის სათავეში წთელი და ნარინჯისფერია. ორივე ნათელი ფერია, ენერგიას გმატებს და დადებით განწყობას გიქმნის.
ხასხასა იისფერი
ამ ექსტრავაგანტური ფერის ინტერიერში გამოყენება საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილებაა. ადრე თუ ხასხასა იისფერს მხოლოდ დეკორატიულ ელემენტებში გამოიყენებდი, წლევანდელი ტრენდი საშუალებას გაძლევს, ნებისმიერი ოთახი, აბაზანა თუ დერეფანი სრულად ამ ფერში გადაწყვიტო. იისფერი ძალიან კარგად გამოხატავს იმას, რომ არჩევანის გაკეთებისას თავისუფლები ვართ, სტანდარტული ჩარჩოებიედან გამოვდივართ და აღარ ვერიდებით გამორჩეულობას.
ღია მწვანის სხვადასხვა ტონები
“ბუნებასთან ახლოს“ წელსაც ძალიან ტრენდულია, შესაბამისად ინტერიერში მწვანე ფერის სხვადასხვა ტონის გამოყენება შეგიძლია. კედლის მწვანედ შეღებვა შეიძლება უცნაურ აზრადაც მოგეჩვენოს, მაგრამ მწვანე ოთახში ქმნის სივრცეს, დახვეწილიცაა და დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. თუ გიყვარს ბუნება და გინდა შენი სახლის ინტერიერი ჰარმონიის მომტანი იყოს გამოიყენე მწვანე.
შავი
შავი არის ფერი, რომელიც მოდიდან არასდროს გადავა, თუმცა აქამდე ინტერიერში ამ ფერსაც შეზღუდულად იყენებდნენ. დიახ, შავი ძალიან მუქია, მაგრამ ამავდროულად ღრმა და ელეგანტურიც. რადგან ახლა თავისუფლების, სითამამის და საკუთარი თავის გამოხატვის ერა დადგა, ამ ფერის მოყვარულებს შეუძლიათ შავად შეღებონ კედლები, აირჩიონ შავი ავეჯი - ეს სულაც აღარ აღიქმება უცნაურად.