რამდენიმე რჩევა, თუ როგორ დავყოთ სტუდიო ტიპის ბინები ფუნქციურ ზონებად
#ინტერიერი
ბოლო წლებში სტუდიო ტიპის ბინები თბილისში ძალიან აქტუალური გახდა. თანამედროვე, პრაქტიკული და კომფორტული - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ამ ტიპის გეგმარების უძრავი ქონება. სტუდიო ბინაში თითოეული სანტიმეტრი მაქსიმალურადაა გათვლილი. ეს არის მოდერნიზებული სტუდიო, სადაც მისაღები ოთახი, სამზარეულო და სასადილოა გაერთიანებული. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ოჯახის წევრები მისაღებ ოთახში იკრიბებით, შუა საუბრის დროს კი სამზარეულოში საჭმლის მოსატანად გასვლა გსურთ. ამ შემთხვევაში ერთი დამატებითი ოთახის გავლა არ გიწევთ და იმავე სივრცეში გადაადგილდებით, თან ისე, რომ საუბარს არ წყვეტთ. კომფორტი და ფუნქციურობა სტუდიო ტიპის ბინებისთვის დამახასიათებელი თვისებებია. მსგავსი გარემოს შესაქმნელად კი ინტერიერის დიზაინიც შესაბამისი უნდა იყოს. ევროპული დაგეგმარების სტუდიო ტიპის ბინებში სამზარეულო და მისაღები ერთი მთლიანი ოთახია, ამიტომ ინტერიერის დიზაინი ერთ სტილში უნდა იყოს გადაწყვეტილი. იმისთვის, რომ სამზარეულომ და მისაღებმა ოთახმა თავისი ფუნქციები არ დაკარგოს, ფუნქციონალური ზონების გამოყოფა გჭირდებათ. ზონირების რამდენიმე სახე არსებობს:
ზონირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი იატაკის საფარის ცვლილებაა. მისაღებ ოთახში პარკეტი, ლამინატი ან ხალიჩა დააგეთ, რომლებსაც სამზარეულოს ფილები გააგრძელებს. საჭმლის მომზადებისას იატაკი ხშირად ისვრება. ამიტომ უმჯობესია, თუ მარტივად მოსავლელ საფარს შეარჩევთ.
ფერები ჩვენს შეგრძნებებზე დიდ ეფექტს ახდენს. სტუდიო ტიპის ბინები იმ ფერებში გადაწყვიტეთ, რომლებიც მთავარი დიზაინერული ხედვიდან არ იქნება ამოვარდნილი. მაგალითად, თუ მისაღები ოთახის წამყვან ფერად ლურჯს აირჩევთ, სამზარეულოში ის ღია ცისფერში უნდა გადადიოდეს. ერთი მხრივ, ლურჯი დამშვიდებასა და დასვენებაში დაგეხმარებათ, ხოლო ცისფერი ჭამისას მშვიდ გარემოს შეგიქმნით.
ნებისმიერი ტიხარი შეიძლება გახდეს დეკორის განუყოფელი ნაწილი. სტუდიო ტიპის ბინისთვის კი ტიხარი საუკეთესო ზონირების წყაროა. ის ამცირებს შემომავალ ხმას, სუნს და ჭარბ სინათლეს. მას ასევე კარის ფუნქციის შესრულებაც შეუძლია და არა მარტო... ის არაჩვეულებრივ სათავსოდაც შეგიძლიათ გადააქციოთ. რაც შეეხება სუნს, იმისთვის, რომ საჭმლის სუნი მისაღებ ოთახში არ გავრცელდეს, ტიხართან ერთად კარგი გამწოვის დამონტაჟებაც დაგეხმარებათ.
ბოლო წლებში ბარის დახლი სამზარეულოს ინტერიერში დეკორის ელემენტად აქტიურად გამოიყენება. ის ზონირების საუკეთესო საშუალებაა. მას ფუნქციური დატვირთვაც შეგიძლიათ შეურჩიოთ. მაგალითად, ბარის სკამები შემოალაგოთ, ოჯახის წევრები შემოიკრიბოთ, ღვინო დააგემოვნოთ და საღამო საინტერესოდ გაატაროთ.
შედარებით მისაღებფასიანი ზონირება განათებაა. ამ შემთხვევაში, მისაღები ოთახი და სამზარეულო შეგიძლიათ ინტერიერის ერთ სტილში გადაწყვიტოთ, ფუნქციურ ზონებად კი მას განათება გამოყოფს. რადგან საჭმლის მზადების პროცესში ბასრ საგნებთან გიწევთ შეხება სამუშაო მაგიდა, და ნიჟარა გამოკვეთილად გაანათეთ. გამოიყენეთ ყვითელი ფერის ნათება იქ, სადაც მაგიდა გიდგათ. კედლის სანათურები კი ბინაში რომანტიკულ გარემოს შეგიქმნით.
როგორ გარდაქმნათ სტუდიო ტიპის ბინები ცოცხალ, მწვანე და ორიგინალურ სივრცედ? ამ კითხვაზე პასუხი მცენარეებია. ვიზუალურ ეფექტთან ერთად მცენარეებს ოთახების ზონირებაც შეუძლიათ. ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა მათი და თაროებიანი ტიხრების კომბინაციაა.
არქის გამოცდილი არქიტექტორების მიერ დაგეგმარებული ბინები საშუალებას გაძლევთ შექმნათ სტუდიო ტიპის დიზაინი. ამასთან ერთად, თქვენ საშუალება გაქვთ ინდივიდუალურ გემოვნებას მოარგოთ ტიხრების გეგმარება და უფრო გაიმარტივოთ სტუდიო ტიპის ბინის მოწყობა.