როგორ ვაქციოთ შემოსასვლელი ადგილი ყველაზე სტუმართმოყვარე სივრცედ?
#ინტერიერი
ბინაზე პირველ შთაბეჭდილებას შემოსასვლელი ქმნის. არქიში პრემიუმ კარკასით შესრულებული ბინის ყიდვისას, შემოსასვლელში დაგხვდებათ გალესილი კედლები, მოჭიმული იატაკი და შესასვლელი რკინის კარი. ამ ფონზე უკვე შეგიძლიათ მის დიზაინზე ზრუნვა დაიწყოთ. სტუმართმოყვარე, მეგობრული და ფუნქციური - სწორედ ასეთი შემოსასვლელის შექმნაში ჭკვიანურად შერჩეული დიზაინი და ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.
შემოსასვლელში მდგრადი და გამძლე იატაკი უნდა დააგოთ, რადგან ის ხშირი წმენდით არ დაზიანდეს, ხოლო მისი მოვლა მარტივი იყოს. იდეალური ვარიანტი მუქი ფერის ფილებია, რომლებიც ნეიტრალური ფერების კედლებთან არაჩვეულებრივ კონტრასტს ქმნის. ასევე კარგი ვარიანტებია მომაჯადოვებელი ორნამენტებიანი იატაკის ფილები ან ხის მასალისგან დამზადებული იატაკი, რომელიც სივრცეს თბილ ელფერს შემატებს.
შემოსასვლელის ფერების შერჩევისას ღია და ნათელი ფერები გამოიყენეთ. რა თქმა უნდა, არც მუქი ფერებია პრობლემა, მაგრამ თუ თქვენი შემოსასვლელი პატარა, გრძელი ან ვიწროა, ნათელი ფერები სინათლის არეკვლასა და სივრცის ვიზუალურად გაზრდაში დაგეხმარებათ. არ არის აუცილებელი კედლები მარტო თეთრად შეღებოთ. ცისფერი, ღია მწვანე, ნაცრისფერი და კრემისფერი არაჩვეულებრივ მიქსს ქმნის, რაც შემოსასვლელს ვიზუალურად უფრო განიერს გახდის.
შემოსასვლელში ფანჯრები არ არის, ამიტომ აქ მრავალფუნქციური განათება დაგჭირდებათ. რამდენიმე ვარიანტია: 1. თუ გსურთ ვიზუალურად შექმნათ მაღალი ჭერის ილუზია, გამოიყენეთ კედლის განათებები; 2. თუ ჭერი მაღალია, ჭაღი ჩამოკიდეთ - ეს სწორი დიზაინერული სვლაა; 3. აირჩიეთ LED განათება, რომლის ნათება დღის სინათლესთან მიმსგავსებული იქნება.
როდესაც შემოსასვლელში ფეხსაცმლები, ჩანთები და ტანსაცმელი ერთად არის დაგროვებული, სივრცე ნაკლებად მიმღებლური ხდება. ამ არეულობის ასაცილებლად სათავსოები ყველაზე ეფექტური გამოსავალია. ამასთან ერთად, გაითვალისწინეთ თქვენი შემოსასვლელის ზომაც. თუ ის პატარა ან ვიწროა, უმჯობესია ავეჯი მინიმუმამდე შეამციროთ. მრავალფუნქციური ავეჯი, ამ შემთხვევაში, მხსნელად მოგევლინებათ. ამჯერად ფეხსაცმლებს, ტანსაცმელსა და ჩანთებს ორგანიზებულად კარადაში დააწყობთ. ასევე მოსახერხებელია კუპე კარადის გაკეთება, რომელსაც მოძრავი კარი ექნება.
შემოსასვლელში სარკე აუცილებელი დეკორია. ეს ნივთი ფუნქციურ დატვირთვასთან ერთად სივრცეს ვიზუალურადაც ზრდის. შემოსასვლელში არსებობს შეკიდული და კედლის სარკე. ამ უკანასკნელს თავისი უპირატესობები აქვს. მაგალითად, მის ქვემოთ შეგიძლიათ დადგათ პატარა ტუმბო, რომელიც სათავსოს ფუნქციას შეითავსებს და სივრცე დაიზოგება. ასევე კარგი ვარიანტია კარადაში ჩაშენებული სარკეც.
შემოსასვლელის მოწყობის საუკეთესო ნაწილი ბოლო ეტაპია - როცა დეკორაციების დამატების დრო მოდის. ერთ-ერთი ეფექტური დეკორაციული ელემენტი სურათია, რომელიც სახლში შემოსვლისთანავე ყურადღებას იქცევს. შავ-თეთრი ფოტოგრაფიები ის არჩევანია, რომელიც დროსთან ერთად მოდიდან არ გადადის. სხვადასხვა უპირატესობა აქვს ასევე სახლის მცენარეებსაც.
როგორც ჩანს, შემოსასვლელი, თავისი ფართის მიუხედავად, ბინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორად დაგეგმარებული ბინა ამ სივრცეს ნაყოფიერად ითვისებს. არქი თავის მაცხოვრებლებს ინდივიდუალურ გეგმარებას სთავაზობს, რაც საშუალებას იძლევა ბინის ნებისმიერი სივრცე საკუთარ ნებასურვილზე მოაწყოთ.