4 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვა მცენარის მოვლისას
#სხვა
ხშირად ადამიანები ისეთი გატაცებულები არიან სახლის ინტერიერში მცენარის მორგებით, ავიწყდებათ, რომ მცენარე ცოცხალია, ზრუნვა სჭირდება და ის ადგილი, რომელსაც შეურჩევენ შეიძლება მისთვის დამაზიანებელი იყოს. სახლის მცენარის მოვლაზე არაერთხელ ვისაუბრეთ, ახლა კი გაგაცნობთ ოთხ შეცდომას, რომელიც არ უნდა დაუშვა, რათა შენი სახლის მცენარე არ დააზიანო.
არასწორი განათება
შეიძლება მცენარე კონკრეტულ ადგილზე მოსათავსებლად შეიძინო, მაგრამ თუ იმ ადგილს საკმარისი შუქი არ ეცემა მცენარე ვერ გაიხარებს. ზოგ მცენარეს შეუძლია დაბალ განათებაში არსებობა, ამის შესახებ შეძენისას უნდა იკითხო. გაითვალისწინე, როდესაც მცენარე საკმარის შუქს ვერ იღებს უფრო მგრძნობიარე ხდება სხვა პრობლემების მიმართ, მათ შორის მავნებლების მიმართ. ყოველთვის სჯობს ოთახის მცენარეს მეტი შუქი მიაწოდო, ვიდრე დააკლო.
დამაზიანებელი ადგილი
არ მოათავსო მცენარე გათბობასთან და კონდიციონერთან ახლოს, რადგან ამით მცენარეს დაზიანებას გამოიწვევ. რას უფრო თხელი ფოთოლი აქვს მცენარეს, მით უფრო ადვილად ზიანდება. ჰაერის ცხელი ან ცივი ნაკადი გამოიწვევს ფოთლის გაყვითლებას, გაყავისფრებას ან გაშავებას და ნაადრევად ჩამოვარდნას.
მდებარეობის რეგულარული ცვლილება
ბუნებაში მცენარეს ერთ ადგილას აქვს ფესვები გადმული და მთელ სიცოცხლეს იქ ატარებს. შესაბამისად, მცენარე შეჩვეულია ერთ ადგილას ყოფნას. ჩვენ კი ზედმეტი მზრუნველობით და ენთუზიაზმით ვფიქრობთ ხოლმე: ჩემს საძინებელში უკეთ იქნება. არა, არა! მისაღებ ოთახში უნდა გადავიტანო, იქაურობას უფრო მოუხდება. და ასე დაუსრულებლად ვუცვლით ადგილსამყოფელს. მცენარე ეჩვევა თავის პირვანდელ ადგილს და გადაადგილება მისთვის სტრესულია, დაჭკნობაც კი შეიძლება გამოიწვიოს. თუ მაინც გადაწყვიტე გადაადგილება, შეეცადე პირვანდელ ადგილთან მაქსიმულურად მიახლოებულ ადგილას გადაიტანო.
ხშირი გადარგვა
მცენარის გადარგვა აუცილებელია, მაგრამ უნდა იცოდე როდისაა საჭირო დრო, როდისაა მცენარე მზად გადასარგავდ და არავითარ შემთხვევაში ხშირად არ უნდა გადარგო. ყველა ქოთანს აქვს სადრენაჟო ხვრელი, თუ მცენარის ფესვები ამ ხვრელიდან გამოსულია ე.ი. გადასარგავად მზადაა. ასევე, თუ პატარა ფოთლები აქვს ამოსული, მაგრამ ძალიან ნელა იზრდება ეს ფოთლები მცენარე გადასარგავია. ისიც გაითვალისწინე, რომ ქოთანი არ უნდა იყოს ძალიან დიდი. პატარა ქოთნიდან ძალიან დიდ ქოთანში გადარგვა ზედმეტ ტენიანობას შექმნის, რაც შემდგომში მცენარის დაზიანებას გამოიწვევს.