როგორ დავალაგოთ სახლი დღესასწაულების შემდეგ?
#ინტერიერი
ახალი წლის დღესასწაულებიც დასრულდა, ყველა საჩუქარი გაიხსნა, სტუმრები სახლში დაბრუნდნენ და სადღესასწაულო საჭმელებიც შეიჭამა. იმის მიუხედავად, რომ ყველას გვიყვარს შობა-ახალი წელი, სტუმრების ჟრიამული და მხიარულება, დასრულების შემდეგ მიმოვიხედავთ და გული გვისკდება ხოლმე: ახლა რა დაალაგებს ამ ყველაფერს? თუ თანმიმდევრული იქნები და გეგმას მიჰყვები, დალაგების პროცესს გაიმარტივებ და დროსაც დაზოგავ. სწორედ ამ გეგმას გაგაცნობთ ჩვენს ბლოგში.
საჩუქრების დახარისხება
ზოგჯერ, ისეთ საჩუქრებს გვჩუქნიან, რომელიც სულაც არ ჯდება ჩვენს გემოვნებაში ან არ ვიცით რაში გამოვიყენოთ. ამიტომ, დღესასწაულების ჩავლის შემდეგ დაახარისხე საჩუქრები იმის მიხედვით, შენთვის გამოსადეგია თუ არა. შეინახე მხოლოდ ის, რასაც ნამდვილად გამოიყენებ. ასე ადგილს დაზოგავ. რასაც ვერ გამოიყენებ შეგიძლია გაასხვისო. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ყველა საჩუქარი გამოსადეგი იყოს, მაგრამ სახლში ადგილი არ გყოფნიდეს. ასეთ შემთხვევაში, თვალი გადაავლე ძველ ნივთებს და ჩაანაცვლე საჩუქრად მიღებული ნივთებით.
დეკორაციის ალაგება
მას შემდეგ, რაც საჩუქრებს დააბინავებ და ზედმეტს ნივთებს მოიშორებ, დაიწყე საახალწლო დეკორაციებ ის მოხსნა. გაცილებით მარტივია ყველაფრის ერთად ჩაყრა, მაგრამ შემდეგ წელს საშინელი არეულობა დაგხვდება ამოლაგებისას. კარგად დაფიქრდი, რომელ დეკორაციას აღარ გამოიყენებ მომდევნო წელს. იქნებ უმჯობესია ის რაც შემდეგ წელს მოძველებული იქნება გადაყარო?
სახლის დასუფთავება
საჩუქრები ჩალაგებულია, დეკორაციები მოხსნილ-დახარისხებული და ახლა სახლის დასუფთავების დროც დადგა. ეს პროცესი წარმოუდგენელია მტვერსასრუტის გარეშე, მაგრამ არ დაგავიწყდეს იმის გათვალისწინება, რომ ზოგ მტვერსასრუტს ნაძვის ხის წიწვებისა და დეკორაციებისგან ჩამოცვენილი ბრჭყვიალების აღება უჭირს. ყურადღება მიაქციე, დასუფთავების შემდეგ მორჩენილი არ იყოს.
არ უნდა დაგავიწყდეს იმ ადგილების დეზინფექცია, სადაც სტუმრები იყვნენ. დეზინფექცია ახალი წლის შემდგომი დასუფთავების აუცილებელი ნაწილია, რადგან ახლა ვირუსების გავრცელებისთვის საუკეთესო დროა.
მაცივრის დალაგება
საკვების დახარისხება დღესასწაულების შემდეგ გარდაუვალია, რადგან მორჩენილი საკვები შეიძლება გადასაყრელი იყოს. შეგიძლია დრო იხელთო და მაცივარის დალაგებასაც შეუდგე. დარწმუნდი, ვადაგასული ხომ არ გიდევს რამე, ან ზედმეტი, სრულიად არასაჭირო პროდუქტი ხომ არ მოგეპოვება. სამწუხაროდ მაცივრის დასალაგებლად იშვიათად ვახერხებთ დროის გამონახვას და ამით ბაქტერიების გავრცელებასაც კი ვუწყობთ ხელს.
თუ ეს ყველაფერი თანმიმდევრულად გააკეთე ე.ი. დღესასწაულის შემდგომი დალაგება დასრულებულია და შეგიძლია მშვიდად დაუბრუნდე ყოველდღიურობას.