საშხაპე კაბინა თუ აბაზანა - რომელია უკეთესი?
#ინტერიერი
სააბაზანო ოთახის რემონტის პროცესში, შეიძლება დილემის წინაშე დადგეთ: აირჩიოთ აბაზანა თუ დაამონტაჟოთ საშხაპე კაბინა? არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია, რადგან ორივე მათგანს თავისი უპირატესობა და ნაკლი აქვს. ქვემოთ მოცემული რჩევებით, შევეცდებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გაგიმარტივოთ.
საშხაპე კაბინის შესახებ
თუ თქვენი სააბაზანო ოთახი პატარა ფართისაა, მაშინ არჩევანი უმჯობესია საშხაპე კაბინაზე შეაჩეროთ. მისი პირველი უპირატესობა სწორედ სივრცის დაზოგვაა. საშხაპე კაბინა ასევე განსაკუთრებით პრაქტიკულია მოხუცი ადამიანებისთვის, რომლებსაც აბაზანაში ჩასვლა ან ამოსვლა უჭირთ. შესაბამისად, საშხაპე კაბინის დახმარებით, ისინი ზოგავენ დროს, ენერგიას და ჯანმრთელობასაც კი, რადგან ეს ვარიანტი უფრო უსაფრთხოა.
საშხაპე კაბინა უზრუნველყოფს თქვენი სააბაზანო ოთახის სისუფთავესაც, რადგან აბაზანისგან განსხვავებით, წყალი მთელ ოთახში არ ისხმება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ საშხაპე კაბინები თანამედროვე ადამიანისა და მისი სწრაფი ცხოვრების სტილისთვის არის შექმნილი. შხაპს იღებთ სწრაფად და კომფორტულად, თან ამით გარემოსაც ეხმარებით, რადგან ბევრ წყალს არ ხარჯავთ.
რა არის საშხაპე კაბინების ნაკლი? პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ ხშირი წმენდა სჭირდებათ, რასაც ზოგჯერ დიდი დრო და ენერგია მიაქვს. ასევე იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ, საშხაპე კაბინის ქონა მთლად კომფორტულ ვარიანტს არ წარმოადგენს.
აბაზანის შესახებ
არაფერია იმაზე უკეთესი შეგრძნება, როდესაც დამღლელი დღის შემდეგ სახლში მოდიხართ, თბილ აბაზანას იღებთ და ისვენებთ. ამ პროცესს ფიზიკური ტკივილის მოხსნისა და ფსიქოლოგიური განტვირთვის ფუნქციაც კი აქვს. ზამთრის ცივ დღეებში ცხელი წყლის აბაზანის მიღება კი ერთი დიდი სიამოვნებაა. პირველ რიგში, სწორედ ეს კომფორტია აბაზანის მთავარი უპირატესობა.
აბაზანის იმდენად ბევრი და მრავალფეროვანი დიზაინი და ფორმა არსებობს, რომ ის ნებისმიერ ინტერიერს ესაბამება. თუ მას სწორად დაამონტაჟებთ, აბაზანა სააბაზანო ოთახის ცენტრალური იგივე ფოკალური წერტილიც კი გახდება.
აბაზანა იდეალურია ბავშვებისა და მათი უსაფრთხოებისთვის.
რაც შეეხება ნაკლს, როგორც საშხაპე კაბინის გაწმენდაა რთული, ასევე აბაზანის მოვლაც არაა მარტივი. ხშირად მას ნაკაწრები ან წყლის ლაქები უჩნდება, ამიტომ მისი გაწმენდაც სისტემატურად არის საჭირო. თუ სააბაზანო ოთახი პატარა ფართისაა, აბაზანამ შეიძლება ბევრი სივრცე „წაგართვათ“. ის ასევე არაკომფორტულია მოხუცი ან შშმ პირებისთვის, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა აქვთ.
საშხაპე კაბინა და აბაზანა ერთად
თუ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყოყმანობთ, შეგიძლიათ სააბაზანო ოთახში საშხაპე კაბინაც და აბაზანაც ერთდროულად დაამონტაჟოთ. მთავარია, სივრცე ამის საშუალებას გაძლევდეთ. ეს პრაქტიკა ძალიან ბევრ თანამედროვე ბინაში არის მიღებული, როდესაც აბაზანა მინის პანელებით არის აჭურვილი და საშხაპე სივრცესაც მოიცავს. შედეგი მართლაც რომ ძალიან ლამაზი, კომფორტული და თვალისმომჭრელია.