რა ზეგავლენას ახდენს საბავშვო ოთახისთვის შერჩეული ფერი ბავშვის განწყობაზე?
#ინტერიერი
საბავშვო ოთახი სახლის ის ნაწილია, რომელიც სხვა ოთახებთან შედარებით ყველაზე ხშირად იცვლება. ეს ბუნებრივიცაა - აქ მცხოვრები ბავშვი ხომ თავად იცვლება ყოველდღიურად. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც საბავშვო ოთახის მოწყობისას უნდა გაითვალისწინოთ, ეს ფერებია. ფერებს შესწევთ უნარი ბავშვები შთააგონონ, დაამშვიდონ, აღაფრთოვანონ და ზოგჯერ გააღიზიანონ კიდეც. სწორი ფერების შერჩევა დაგეხმარებათ შეუქმნათ თქვენს შვილს საუკეთესო გარემო.
წითელი
წითელი წამყვანი ფერია, რომელიც ახშირებს პულსის ცემას და აუმჯობესებს მადას. საბავშვო ოთახის დიზაინში წითელი ზომიერად უნდა გამოიყენოთ, რადგან გადაჭარბების შემთხვევაში, ეს ფერი ბავშვებში აგრესიის გამოწვევას უწყობს ხელს. იდეალური ვარიანტი იქნება, თუ მხოლოდ წითელ დეკორაციებს შეარჩევთ და ნეიტრალურ ფერებს შეუსაბამებთ. ეს დაბალანსებული დიზაინი ინტერიერს სიცოცხლით აავსებს. ბავშვი კი დღის განმავლობაში უფრო მოტივირებული და ენერგიული იქნება.
ყვითელი
მზიანი, მხიარული და ბედნიერი ფერი, ყვითელი, ზუსტად საბავშვო ფერია, რომელიც ბავშვებს აბედნიერებს და პოზიტივით ავსებს. არსებობს სამეცნიერო კვლევებიც, რომლებიც ამტკიცებს, რომ, თუ ბავშვი ყვითელი ფერის ოთახში მეცადინეობს, მას უკეთესი კონცენტრაცია და მახსოვრობა აქვს. აქვე გაითვალისწინეთ ამ ფერის უარყოფითი ეფექტებიც: თუ თქვენს შვილს ღამით დაძინება უჭირს, უმჯობესია, ოთახის ინტერიერში ბევრი ყვითელი არ გამოიყენოთ. ეს ფერი დააბალანსეთ ნაცრისფერით, ცისფერითა და მწვანით. მსგავსი ბალანსი ბავშვს დაეხმარება მთელი დღის განავლობაში პოზიტივი და ბედნიერება შეინარჩუნოს, ღამით კი მშვიდად იძინოს.
ფორთოხლისფერი
ფორთოხლისფერი ის ფერია, რომელიც თქვენს შვილს სტიმულს მისცემს, იყოს უფრო კომუნიკაბელური, ექსტროვერტი და თავდაჯერებული. როგორც სხვა ფერების შემთხვევაში, ინტერიერში ფორთოხლისფერის დომინირებას საწინააღმდეგო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ, უმჯობესია, თუ ამ ფერის უფრო რბილ ტონებს გამოიყენებთ და მათ მწვანესა და კრემისფერს შეუსაბამებთ.
ვარდისფერი
ვარდისფერი ყველაზე პოპულარული არჩევანია მაშინ, როდესაც საქმე საბავშვო ოთახის მოწყობას ეხება. ვარდისფერი დამამშვიდებელი ფერია, რომელიც, როგორც ბიჭების, ასევე გოგოების ოთახისთვის თანაბარი ეფექტებით გამოირჩევა. ბავშვის ზრდასთან ერთად, ვარდისფერს სხვადასხვა, კონტრასტული ფერები დაუმატეთ, რათა თქვენს შვილს ინსპირაციული და საინტერესო გარემო შეუქმნათ.
ლურჯი/ცისფერი
ცისფერი, როგორც ვარდისფერი, საბავშო ოთახის მოსაწყობად ერთ-ერთი გავრცელებული ფერია. ეს ფერი ზუსტად წითლის საპირისპიროდ მოქმედებს. დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი ეფექტი განსაკუთრებით იმ ბავშვების ოთახების გასაფორმებლად გამოიყენება, რომლებიც ტანტრუმისკენ არიან მიდრეკილი. ინტერიერში ლურჯის დომინირებას დეპრესიული მუხტის შემოტანა შეუძლია, ამიტომ ის აუცილებლად სხვა თბილი ფერებით დააბალანსეთ.
იასამნისფერი
იასამნისფერი საბავშვო ოთახის დიზაინისთვის ყველაზე საინტერესო გადაწყვეტილება იქნება. ეს არის ცივი ფერი, რომელსაც დამამშვიდებელ ეფექტთან ერთად მასტიმულირებელი ეფექტების მოხდენაც შეუძლია. ოთახის დიზაინში იასამნისფერის დამატებით, თქვენს შვილს იმ გრძნობებს აღუძრავთ, რომლებიც სენსიტიურობასა და ემპათიასთან არის დაკავშირებული.
ნაცრისფერი
შეიძლება ითქვას, რომ ნაცრისფერი საბავშვო ოთახისთვის ერთ-ერთი პრობლემატური ფერია, რომლის ტონებიც ფრთხილად უნდა აარჩიოთ. ეს ფერი მარტოსულობის ასოციაციას იწვევს, მაგრამ მისი ზომიერად გამოყენება უკვე მოდერნულ და თანამედროვე დიზაინს ქმნის. მაგალითად, თუ გსურთ თქვენს შვილს საინტერესო ატმოსფერო შეუქმნათ, საბავშვო ოთახის დიზაინში ღია ნაცრისფერისა და ყვითელი ტონების ნაზავი გაითვალისწინეთ.
საბოლოო ჯამში კი, საბავშვო ოთახში, ფერების შერჩევის შემთხვევაში, აუცილებელია ზომიერების დაცვა. თითოეულ ფერს თავისი ბენეფიტი აქვს, რომელიც ბავშვის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე ახდენს ზეგავლენას. ბავშვის განვითარებაზე დადებითი ეფექტის მოხდენა ასევე თემატურ დიზაინებს შეუძლიათ, რომელთა შესახებ შეგიძლიათ ჩვენს ამ ბლოგში წაიკითხოთ: რამდენიმე რჩევა, თუ როგორ მოვაწყოთ საბავშვო ოთახი