6 რჩევა ნივთების ორგანიზებისთვის
#სხვა
სახლის ძირფესვიანად დალაგება და ნივთების ორგანიზება სახალისო და სასიამოვნო აქტივობაა. პროცესში ხშირად აღმოვაჩენთ ისეთ ნივთებს, რომლებსაც შეიძლება ყოველდღიურობაში არ ვიყენებდეთ, მაგრამ ძალიან გვიყვარს და ჩვენთვის ბევრ სასიამოვნო მომენტთან არის დაკავშირებული. უწინ ამ აქტივობას ჩვენი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე დროის დიდ ნაწილს ვერ ვუთმობდით, ახლა კი საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ გადავხედოთ ჩვენს ნივთებს, გადავახარისხოთ და ჩვენი ბინა უფრო მყუდრო და კომფორტული გავხადოთ.
სახლის დალაგებისა და ნივთების ორგანიზების პროცესი ორმაგად სასიამოვნო ხდება მაშინ, როდესაც მთელი ოჯახი ჩართულია ამ საქმიანობაში. სხვადასხვა ნივთი კი, რომელსაც პოულობთ, ოჯახის თითოეული წევრისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მქონე შეიძლება იყოს.
თუ გარკვეულ ნივთებზე უარის თქმა გიჭირთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: გამოყენებადია? გჭირდებათ? არის თუ არა ემოციური მნიშვნელობის მატარებელი? გიყვართ და გაბედნიერებთ? თუ ამ კითხვებზე დადებითი პასუხი გაქვთ, შესაბამისად, ეს ნივთიც უნდა დაიტოვოთ.
ნივთების უბრალოდ გადადება და ნივთების ორგანიზება განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით მათი დაჯგუფება დაგეხმარებათ ჩამოყალიბდეთ რომელი ნივთი უფრო გჭირდებათ და რომელი არა. კატეგორიების მიხედვით დაჯგუფებული ნივთები კი სხვადასხვა ყუთში ან კალათაში გადაანაწილეთ. მაგალითად, ფეხსაცმლები ერთ ყუთში მოათავსეთ, ელექტრონული კაბელები ერთ ჩანთაში ჩადეთ. ეს თვალნათლივ დაგანახებთ, თუ რომელი ნივთები უნდა დაიტოვოთ და რომელი არა.
მრავალრიცხოვანი ოჯახისთვის სათამაშოები და ტანსაცმელი მუდმივად ცვლად ნივთებს წარმოადგენს. ბავშვები იზრდებიან და ესა თუ ის სათამაშო და ტანსაცმელი საერთოდ აღარ სჭირდებათ. ჩვენ კი შეიძლება ეს ნივთები იმდენი ხანი ვინახოთ, რომ, საბოლოოდ, სახლი გადაიტვირთოს კიდეც. თვითიზოლაციის პერიოდი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ძველი სათამაშოები დავახარისხოთ. სათამაშოები ან ტანსაცმელი, რომლებიც კარგად არის შენახული, შეგიძლიათ აჩუქოთ იმათ (რა თქმა უნდა, კორონავირუსის დამთავრების შემდეგ), ვისაც ისინი უფრო მეტად სჭირდება. თუ 1-ზე მეტი შვილი გყავთ, ტანსაცმლის ორგანიზება უფროსი შვილისგან დაიწყეთ. მოძებნეთ ის ნივთები, რაც მას აღარ ეტევა ან არ უნდა და უმცროსებისთვის გადაინახეთ ან გასაჩუქებლად გადადეთ.
თვითიზოლაციის პერიოდში ბევრი ჩვენგანი დისტანციურად მუშაობს. დალაგებული სამუშაო კუთხე კი, თავისთავად, ჩვენს პროდუქტიულობაზე პირდაპირპროპორციულად აისახება. რას იყენებთ ყოველდღიურად, ყოველკვირეულად თუ ყოველთვიურად? ის ნივთები, რომლებსაც იშვიათად იყენებთ, კარადაში შეინახეთ. აუცილებელი ქაღალდები და ფაილები კი საჭიროების მიხედვით კატეგორიებად დაყავით და სხვადასხვა ფერის საქაღალდეში მოათავსეთ. უჯრებს, ფაილებს, ყუთებს იარლიყები დააწებეთ. ეს გაგიმარტივებთ მარტივად იპოვოთ ის ნივთი, რაც გჭირდებათ.
ნივთის გადაგდებისას კარგად დაფიქრდით შეიძლება თუ არა მისი გადამუშავება, ან თუნდაც საქველმოქმედო მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის გადაცემა. ბუნებაზე ზრუნვა აქაც არ დაივიწყოთ. თუ გაქვთ ნივთები, რომლებსაც აღარ იყენებთ, მათ იმწამსვე ნაგვის ურნაში ნუ გადაყრით. დაფიქრდით, იქნებ რომელიმე პიროვნებას ან ორგანიზაციას უფრო მეტად სჭირდება ისინი. ნუ გადაყრით ფურცლებსაც, რომლებიც შეგიძლიათ მაკულატურაში ჩააბაროთ. შესაბამისი ორგანიზაციები მეორეული ფურცლებით სხვადასხვა კეთილ საქმიანობას აკეთებენ.
სახლის საქმიანობაში ოჯახის ყველა წევრის ჩართვა აუცილებელია. თვითიზოლაციის პერიოდი ხელს გიწყობთ იმაში, რომ ოჯახის წევრებთან მაქსიმალური დრო გაატაროთ. რადგანაც სახლი ყველა თქვენგანისაა, მისი ზრუნვაც ოჯახის თითოეული წევრის პასუხისმგებლობაა. როდესაც ოჯახის წევრები სახლის საქმეებში ეხმარებიან ერთმანეთს, საქმეც საგრძნობლად მცირდება და ნივთების ორგანიზებაც უფრო სახალისო და სასიამოვნო ხდება.