მწვანე ფერი სამზარეულოში - ყველაზე ჯანსაღი და დახვეწილი არჩევანი
#ინტერიერი
იცოდით, რომ თქვენი სახლისთვის შერჩეული ფერები თქვენს ხასიათსა და სურვილებზე აისახება? ინტერიერის დიზაინში ზოგი ფერი თქვენს ენერგიულობას და ბედნიერებას განაპირობებს, ზოგი კი თქვენს სიმშვიდესა და კომფორტზეა პასუხისმგებელი. მნიშვნელოვანია, რა ფერს შეარჩევთ სამზარეულოსთვის. მას ხომ ხშირად სახლის გულად მოიხსენიებენ, რომელიც სავსეა ბევრი სასიამოვნო სურნელით და საყვარელი კერძებით, ხშირად კი ოჯახის წევრების თავშეყრის ადგილადაც გარდაიქმნება ხოლმე.
მწვანე ფერი სამზარეულოში დახვეწილ, ჯანსაღ და გემოვნებიან სივრცეს ქმნის. როგორც ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, რადგან ეს ფერი ბუნებასთან და ჯანსაღ ცხოვრებასთან ასოცირდება, მწვანე სამზარეულო უფრო „გიბიძგებთ“ ჯანსაღი, მცენარეული საჭმელი მოიმზადოთ და მიირთვათ.
თავად ინტერიერი კი მწვანე ფერის დამატებით ბევრად ნათელი, დახვეწილი და განსაკუთრებული ხდება. თუ როგორ შეგიძლიათ ეს ფერი ჩართოთ თქვენს ინტერიერში, ჩვენი ბლოგით გაიგებთ!
მწვანე და თეთრის იდეალური ბალანსი
ერთ-ერთ საინტერესო და კონტრასტულ ბალანსს მწვანე და თეთრი ფერების ნაზავი ქმნის. იგივეა სამზარეულოს შემთხვევაშიც. ამ სივრცეში მკვეთრ მწვანეს ძირითადად კაბინეტების შემთხვევაში გამოიყენებენ, ხოლო თეთრი ფერის კედლები ამ ვიზუალს არბილებენ. მსგავსი კონტრასტი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მცირე ფართის სამზარეულოში სინათლე და სიბნელე დააბალანსოთ. უფრო მეტი სინათლისთვის, გამოიყენეთ თეთრი ზედაპირები და ფილები.
ოქროსფერი აქცენტები
მწვანე ფერის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ მისი მრავალი ელფერი არსებობს. შესაბამისად, შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა საყვარელი ფერი შეუსაბამოთ. მაგალითად, ღია, ზეთისხილისფერ მწვანეს შეუხამეთ ოქროსფერი აქცენტები. ზეთისხილისფერი ნეიტრალურ ინტერიერს ქმნის, რომლის გახალისება ოქროსფერი სახელურებით შეგიძლიათ.
ითამაშეთ ფერებით
მწვანე იდეალური ფერია იმისთვის, რომ ინტერიერის სხვადასხვა სტილი შექმნათ. სამზარეულოში სხვადასხვა ფერის დამატებით, თქვენ შეგიძლიათ დახვეწილი ეკლექტური სტილი გააკეთოთ. მაგალითად, მუქი მწვანე, ტერაკოტას ფილები და მარმარილოს ზედაპირი იდეალურ ნაზავს ქმნის, რომელსაც სივრცეში ესთეტიკურობისა და სტაბილურობის შეგრძნება შემოაქვს.
შეარჩიეთ პატერნი
სამზარეულოში თქვენი გემოვნებით შერჩეული პატერნი გეხმარებათ ეს სივრცე უფრო სტუმართმოყვარე ადგილად გარდაქმნათ. მწვანე სამზარეულოში აირჩიეთ ისეთი პატერნი, რომელი კაბინეტების ფერებს დაემთხვევა. შეარჩიეთ პატერნის ფორმაც. ავეჯის გეომეტრიული პატერნი ამავე ფორმის იატაკის პატერნს ძალიან უხდება.
აქცენტირებული მწვანე
თუ საბოლოო ჯამში, მწვანე თქვენი ფერი არ არის, თუმცა სამზარეულოში ჯანსაღი და ჰარმონიული დიზაინის შექმნა მაინც გსურთ, ეს ფერი ერთი ზონისთვის გამოიყენეთ, მაგალითად, სამზარეულოს კუნძულისთვის. თუ აქცენტირებულ მწვანეს გააკეთებთ, ვარდისფერი ტონები შეუსაბამეთ, მაგალითად, მწვანე და მუქი ვარდისფრის ჩრდილები ფანტასტიკურად გამოიყენება.
აქვე, შეგახსენებთ, რომ თუ არქის საცხოვრებელ პროექტში ცხოვრობთ და არქი ქარდის მფლობელი ხართ, თქვენი სამზარეულოსთვის დეტალების ყიდვა ჩვენს პარტნიორ კომპანიებში დიდი ფასდაკლებით შეგიძლიათ.