მნიშვნელოვანი რჩევები, თუ როგორ შექმნათ მყუდრო მისაღები ოთახი
#ინტერიერი
სახლში ყველაზე მრავალფუნქციური ოთახი მისაღებია. აქ ვუყურებთ ტელევიზორს, ვისვენებთ, ვჭამთ, ვვარჯიშობთ, ვცეკვავთ და ვსწავლობთ. ფუნქციურობასთან ერთად ოთახის „გაადამიანურება“ მისი დიზაინის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია. ეს სივრცე განკუთვნილია იმისთვის, რომ სიმშვიდე და სიმყუდროვე ოჯახის წევრებთან ერთად ჩვენთან მოსულ სტუმრებსაც გავუზიაროთ. შერჩეული დიზაინი კი ამ მიზნის ასრულებაში გვეხმარება. ფერები, განათება, ავეჯი თუ ქსოვილები ისე უნდა შევარჩიოთ, რომ საერთო ჯამში ისეთი კომფორტული და მყუდრო ატმოსფერო მოგვცეს, თავი ჩვენივე შექმნილი სივრცის განუყოფელ ნაწილად ვიგრძნოთ.
მისაღებ ოთახში ფოკუსწერტილი ორიენტირებაში გეხმარებათ. ზოგადად ბუხარი ბუნებრივი ფოკუსწერტილია. რადგანაც ის ბევრ ბინაში არ გვხვდება, ამ ფუნქციას ტელევიზორი ასრულებს. ლამაზი პეიზაჟის სურათი ასევე შეიძლება გახდეს ოთახის ცენტრალური ნაწილი.
ფუნქციური მისაღები ოთახის შესაქმენლად იატაკს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. თუ გსურთ, რომ ოთახში შესვლისთანავე ყურადღება ამ დეტალმა არ მიიქციოს და ფოკუსწერტილი არ დაჩრდილოს, აირჩიეთ ნეიტრალური ფერების იატაკი. მისაღებ ოთახში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილება ხის მასალისგან დამზადებული იატაკია. ასევე არის შემთხვევები, როდესაც მთლიან იატაკს ფარდაგით ფარავენ. ფარდაგი ოთახში ენერგიულ ატმოსფეროს ქმნის. ის ასევე იცავს იატაკს დაზიანებისა და გაჭუჭყიანებისგან. შეიძლება ითქვას, რომ ფარდაგიანი იატაკი ოთახის მეხუთე კედელი ხდება.
მისაღები ოთახი საკომუნიკაციო სივრცეა. აქ ვესაუბრებით ჩვენი ოჯახის წევრებსა და სახლში მოსულ სტუმრებს. სწორად შერჩეული ავეჯი საუბრისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის და კომუნიკაციას ამარტივებს. დასაჯდომი ავეჯი კედლისგან გამოწიეთ და ერთმანეთის პირისპირ დადგით. დიდი ზომის მისაღები ოთახი კი 2 საკომუნიკაციო ზონად გაყავით. ეს გულწრფელ და მშვიდ გარემოს შექმნის. რაც შეეხება ავეჯის ქსოვილს, ის ბუნებრივი და სინთეზური მასალების მიქსი უნდა იყოს. ბამბისა და სელის მატერიების სავარძელი მისაღები ოთახისთვის საუკეთესო არჩევანია, ხოლო სინთეზურ ბოჭკოვანი ქსოვილი - პრაქტიკული გადაწყვეტილება - ის ჭუჭყის მიმართ მდგრადია და მისი მოვლა მარტივია.
მისაღებ ოთახში ფერების სწორად შერჩევა თქვენსა და თქვენი სტუმრების განწყობაზე მოქმედებს. როდესაც ოთახი სულ თეთრი და ნათელია, ის ზედმეტად მონოტორულად შეიძლება მოგეჩვენოთ, ხოლო მუქ ფერებში გადაწყვეტილი სივრცე გამოქვაბულს ჰგავს. მუქი და ნათელი ფერების მიქსით კი დინამიკურ ატმოსფეროს ქმნით, რომელიც თავისი სიღრმითა და ბალანსით არის გამორჩეული. მაგალითად, თეთრი ფერის კედლები, კარამელისფერი ტყავი, სპილენძისფერი პარკეტი, ნაცრისფერი დივანი და ლურჯ-მწვანე სათავსოები ქმნიან ფერებით სავსე კონტრასტს.
მისაღებ ოთახში ბუნებრივი განათება უპირატესია. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ხელოვნური განათების დამატებაც. გამოიყენეთ ტორშერები, მაგიდის სანათები, რომლებიც კომუნიკაციას და რელაქსაციას ამარტივებენ.
მისაღები ოთახი თქვენს პიროვნებას და ხასიათს უნდა ასახავდეს. ნახატები, დეკორაციები, აქსესუარები სწორედ ამ ხასიათის წარმოჩენაში დაგეხმარებათ.