არქის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი ახალი პროგრამის შესახებ
#ინტერვიუ
დეველოპერული კომპანია არქი თანამშრომლებზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს ქმნის, შესაბამისად, ახალი კადრების სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და მართვა კომპანიის პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, არქიმ ახალი მენტორობის პროგრამის დანერგვა გადაწყვიტა. პროგრამა ახალი თანამშრომლების სწრაფად ადაპტაციისთვის შემუშავდა, მიზნად კი მათ განვითარებასთან ერთად არსებული კადრის წახალისებასაც ისახავს.
როგორც არქის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანა ქურასბედიანი, ამბობს, მენტორობის პროგრამა არქიში დამწყებ თანამშრომლებს გაუადვილებს გაიცნონ ორგანიზაციული კულტურა, გამოიმუშაონ საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და სოციალიზაციის პროცესი მარტივად და სწრაფად გაიარონ.
„მენტორობის პროგრამა მსოფლიოში წარმატებული კომპანიების ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც თანაბრად ბენეფიტურია ახალდასაქმებულებისთვის, მენტორებისა და კომპანიისთვისაც კი. პირველ რიგში, მენტორობის პროგრამა მოისაზრებს ახალი თანამშრომლების ადაპტაციასა და დაკვალიანებას. ჩვენი მენტორები მათ ცოდნას და უნარებს გაუზიარებენ, გაუმარტივებენ მკაფიოდ და სწორად აღიქვან სამუშაო როლი და პროცესები. მენტორობის პროგრამა ეხმარება ახალ თანამშრომლებს მიაღწიონ პროდუქტიულობის მაღალ მაჩვენებელს ძალიან მოკლე დროში. ამასთან ერთად, მათ გაუმარტივდებათ გამოწვევებთან გამკლავება და საქმიანობისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარების გამომუშავება“, - ამბობს ანა.
არქი კვალიფიციური კადრის მოზიდვასთან ერთად, მათი ხანგრძლივი დროით შენარჩუნებაზეც არის ორიენტირებული. ანას თქმით, მენტორობის პროგრამა სწორედ ერთ-ერთი საშუალებაა იმისა, რომ თანამშრომლის შენარჩუნება ხანგრძლივი პერიოდით მოხდეს. პროგრამის წარმატების მთავარი აქტორები მენტორები არიან, რომლებიც არქიმ სხვადასხვა კრიტერიუმით შეარჩია.
„ჩვენ საწყისი ეტაპისთვის 10 მენტორი შევარჩიეთ. შესარჩევ კრიტერიუმებად კი განვსაზღვრეთ არქიში მათი მუშაობის ხანგრძლივობა, კომპანიის მიმართ მაღალი ლოიალურობა, ბიზნესფუნქციურობა და კომპეტენტურობა. ჩამოთვლილთა გარდა, ჩვენი მენტორები გამორჩეულნი არიან თავიანთი პიროვნული უნარჩვევებით, კომუნიკაბელურობითა და მაღალი პასუხისმგებლობით“, - ამბობს ანა.
მენტორობის პროგრამის დანერგვა სამუშაო გარემოს გაჯანსაღებასა და თანამშრომელთა კმაყოფილების ზრდას უზრუნველყოფს. საუკეთესო რამ, რაც ამ პროგრამას ახასიათებს არის ის ფაქტი, რომ მენტორობის პროცესში ორივე მხარე სწავლობს.
„იმის გარდა, რომ მენტორობის პროგრამა ემსახურება ახალი თანამშრომლების ადაპტაციას და განვითარებას, ასევე წამახალისებელი ფუნქცია აქვს მენტორებისთვის. კერძოდ, მათი კომპანიისთვის გაწეული აღიარების ინსტრუმენტია, რაც პოზიტიურად აისახება მენტორების მოტივაციაზე“, - აცხადებს ანა.
მენტორობის პროგრამასთან ერთად, არქი სხვადასხვა აქტივობით უზრუნველყოფს თანამშრომლებზე ორიენტირებული და ჯანსაღი გარემოს შექმნას.