როგორ უნდა შექმნათ ელეგანტური დიზაინი ხავერდის მასალის გამოყენებით?
#ინტერიერი
ხავერდი მდიდრული, დახვეწილი დიზაინით გამორჩეული ქსოვილია, რომელიც ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ხავერდის სახელი გლამურულ ცხოვრებასთან ასოცირდება, ამიტომაც არის, რომ ის მდიდრულ სასტუმროებს, რესტორნებსა და სახლებს ამშვენებს. მიუხედავად ამისა, ბოლო ტენდენციების მიხედვით, ხავერდს იყენებენ როგორც თანამედროვე, ასევე მინიმალისტურ სტილშიც კი. რაც ყველაზე მთავარია, ამ ქსოვილს თქვენს სახლში სიმშვიდე და კომფორტი შემოაქვს. ფაქტია, ეს ტრენდი ინტერიერის დიზაინში კიდევ დიდხანს დარჩება.
სად უნდა გამოიყენოთ ხავერდი?
დივანი და სავარძლები
ხავერდგადაკრული დივანი და სავარძლები ამ ქსოვილს ინტერიერში დიდი დოზით შემოიტანს, სივრცეს კი უფრო სტუმართმოყვარეს გახდის. თუ ხავერდის სავარძლებს შეუსაბამებთ ისეთ ბუნებრივ მასალებს, როგორებიცაა, ხე, დაწნული როტანგი ან კედლის მოქსოვილი აქსესუარები, ინტერიერში ტექსტურულ კონტრასტს შექმნით. თუ ცდილობთ, რომ მინიმალისტური და სადა დიზაინი შექმნათ, ეს კონტრასტი ხავერდის გლამურულ ვიზუალს დაწნული-მოქსოვილი აქსესუარებით გაანეიტრალებს.
საწოლის კარკასი
ხავერდი საძინებელ ოთახში ნამდვილ ჯადოქრობას ახდენს. მისი შეხებაც კი ძალიან სასიამოვნო განცდებს გვიტოვებს, ინტერიერში კი არტ-დეკო სტილს ქმნის. თუ გსურთ, რომ ოთახში ხავერდის გლამურულობა დააბალანსოთ, მას მეტად კლასიკური აქსესუარები შეუსაბამეთ.
ბალიშები
თუ გინდათ, რომ დიზაინში ხავერდის ტრენდი შემოიტანოთ, თან ეს ბიუჯეტური გზით მოახერხოთ, ბალიშისპირები იდეალური არჩევანი იქნება. ხავერდგადაკრული ბალიშები მისაღებ თუ საძინებელ ოთახს უფრო გლამურულს გახდის.
სამზარეულოს სკამები
ერთ-ერთი უჩვეულო გზა ხავერდის ინტერიერში შემოსატანად, სამზარეულოს სკამების გამოყენებაა. ხავერდგადაკრულ სკამებს უნარი აქვთ სასადილო ოთახს ვიზუალური კონტრასტი შესძინონ. ამ სკამების მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს, შესაბამისად, ხავერდსაც უფრო მარტივად შეურჩევთ.
გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ, ამ შემთხვევაში, ხავერდი მარტივად ისვრება და მისი გაწმენდა შედარებით რთულია.
როგორ უნდა მოუაროთ ხავერდს?
მიუხედავად იმისა, რომ ხავერდი ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური, გლამურული ქსოვილია და მისი მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს, მას ხშირი წმენდა სჭირდება. თუ ოჯახში ბავშვები და შინაური ცხოველები გყავთ, აირჩიეთ ისეთი ხავერდი, რომელიც სინთეტიკური ქსოვილებით არის დამზადებული.
რეკომენდებულია, თუ ხავერდის ავეჯს ყოველ კვირას, მტვერსასრუტით ზედაპირულად გაწმენდთ. როგორც კი ქსოვილს ჭუჭყი დაეტყობა, უკვე ღრმა წმენდაზე იზრუნეთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხავერდის ავეჯი ისეთ ადგილას არ დადგათ, სადაც მზე მას პირდაპირ ხვდება. მზის სხივები ხავერდის ქსოვილს მარტივად ახუნებს.
რაც შეეხება ხავერდის თეთრეულს, თუ ცხოველები არ გყავთ, მისი გარეცხვა თვეში ერთხელაც შეგიძლიათ.