Japandi - დიზაინთა ალტერნატიული კომბინაცია
#ინტერიერი
თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ, რა საერთო უნდა ჰქონდეს იაპონურ და სკანდინავიურ სტილს. თუმცა, როდესაც დიზაინის ცალკეულ ელემენტებს განვიხილავთ, მათი მსგავსება თვალსაჩინო ხდება. ისინი ორივე სიმარტივეზე, ბუნებრივ ელემენტებსა და კომფორტზე არიან ფოკუსირებულნი, ასე, რომ სულაც აღარ გვეუცხოება, როდესაც დიზაინერები იაპონურსა და სკანდინავიურ დიზაინს ამთლიანებენ. ეს მიქსი საკმაოდ ახალი, თუმცა უკვე პოპულარული სინთეზია.
განმარტება
“ ჯაფანდის დიზაინი, სკანდინავიური ფუნქციურობისა და იაპონური ტრადიციული მინიმალიზმის კომბინაციაა, რომელიც ხელოვნებას, ბუნებასა და სიმარტივეს გაგრძნობინებთ. ეს შერწყმა ქმნის ფუნქციისა და ფორმის სრულყოფილ ნაზავს, აქცენტს აკეთებს სუფთა ხაზებზე, ნათელ სივრცეებსა და ღია ფერებზე.
იაპონური და სკანდინავიური დიზაინის სრულყოფილი შერწყმა - ჯაფანდი დიზაინი ფოკუსირებულია მინიმალისტურ დიზაინზე, რომელიც ესთეტიკურად სასიამოვნოა და ამავდროულად მაქსიმალურად პრაქტიკული.
გარდა ამისა, იაპონური სტილი ხშირად ხაზს უსვამს მდგრადობას. მისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მასალებისა და სიმარტივის კომბინაცია, იდეალურ სივრცეს ქმნის გამწვანებული დეკორისათვის. და რადგან დღეს, სულ უფრო მეტი ადამიანი მიილტვის ეკოლოგიურად სუფთა ესთეტიკისკენ, ჯაფანდის პოპულარობაც დღითიდღე იმატებს.
თუ თქვენ იცნობთ სკანდინავიურ დიზაინს, აუცილებლად შეგხვედრიათ ცნება „ჰიგი“, რომელიც დიზაინში სიმყუდროვის სკანდინავიური კონცეფციაა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მზარდი პოპულარობა მოიპოვა აშშ-ში. რაც გულისხმობს, რომ სახლი უნდა იყოს თქვენი თავშესაფარი და უზრუნველყოს მაქსიმალური კომფორტის განცდა კარის გაღებისთანავე.
თუ მინიმალიზმისა და ჰიგის მოყვარული ხართ, დიდი შანსია, რომ უკვე დაიწყეთ ექსპერიმენტები იაპონურ სტილზე. ჯაფანდის ეფექტის მისაღებად, სცადეთ ისეთი ბუნებრივი მასალების ავეჯისა და დეკორის შეძენა, რომელიც დაუმუშავებელ ხეს წააგავს, ან სულაც ბამბუკისგან არის დამზადებული. მასში ბუნებისა და სიმარტივის სილამაზე განსაკუთრებულად აისახება.
რაც შეეხება ფერებს, ნეიტრალურ და მდუმარე ფერებს გირჩევთ, მწვანე შტრიხებით. ეს უკანასკნელი კი მცენარეებით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. სიმწვანე თქვენს სივრცეს მეტი სიჯანსაღის შეგრძნებასაც მიანიჭებს.
გადატვირთულობის შემცირება, საკვანძო ნაბიჯია ჯაფანდის დიზაინის დასანერგად. დიზაინის ეს ესთეტიკა ფოკუსირებულია სუფთა ხაზებსა და ღია სივრცეებზე. თუ დიდი და აქტიური ოჯახი გაქვთ, რა თქმა უნდა სახლის მინიმალისტურად შენარჩუნება გამოწვევა იქნება. თუმცა არსებობს “ყალბი მინიმალიზმის” ალტერნატივა, რომელიც გულისხმობს ბუნებრივი მატერიის ყუთებისა და კალათების სათავსოების არსებობას, რაც არეულობის დამალვაში დაგეხმარებათ.
რადგან ჯაფანდი ფოკუსირებულია ოსტატთა ხელნაკეთ ნივთებზე, მნიშვნელოვანია ისეთი ნივთების არჩევა, რომელიც გაუძლებს დროს და ტრენდთა ცვალებადობას. ეს აშკარა ანტიდოტია ერთჯერადი გამოყენების კულტურისთვის, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში აქტიურად მიმართავდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ იაპონური და სკანდის დეკორი ახალი არ არის, ამ ორის კომბინაცია აუცილებლად მზარდი ტენდენცია იქნება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.