ბინის ინტერიერის დიზაინის ტრენდები 2021 წლისთვის
#ინტერიერი
სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანი თავს კომფორტულად და მყუდროდ უნდა გრძნობდეს. სწორედ ამ შეგრძნებების შექმნაში ინტერიერის დიზაინი დიდ როლს თამაშობს. მაგრამ როგორ უნდა გადაწყვიტოთ რა ფერი თუ რა სტილი უნდა შეურჩიოთ თითოეულ ოთახს, რომლებიც განსხვავებული ფუნქციის მატარებლები არიან? რა დეტალებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მათ, ვინც 2021 წლისთვის ბინაში ძირეულ ცვლილებებს აპირებს? სწორედ, ამ ბლოგში, 2021 წლის ინტერიერის დიზაინის ტრენდებზე ვისაუბრებთ.
2021 წლის ინტერიერის დიზაინის მთავარი მიზანი
2021 წლისთვის, ბინის ნებისმიერი დიზაინის მთავარი დანიშნულება ადამიანისთვის კომფორტული გარემოს შექმნა იქნება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა სტილის დიზაინის ვარიაციები ნელ-ნელა უკანა პლანზე გადადის, ხოლო ბინის მფლობელის ცხოვრების სტილის გათვალისწინება უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება.
მთავარი ტრენდები
სტუდიო გეგმარება, როგორიცაა სამზარეულოსა თუ მისაღები ოთახის გაერთიანება, 2021 წლისთვის პოპულარობას კარგავს. ამჯერად ინტერიერის დიზაინში ტრენდული ხდება ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური ტიხრებით სივრცის ზონებად დაყოფა. ტიხარი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს სრიალა ან მბრუნავი, დამზადებული ხისგან, ბამბუკისგან, მინისა თუ აკრილისგან. გარდა იმისა, რომ მსგავსი ტიხრები ლამაზია, ისინი ასევე ნაკლებ ადგილს იკავებენ, ამცირებენ სუნისა და ხმის გამტარობას.
თუ შეძენილი გაქვთ მშენებარე, 30-40 კვ.მ-ის ბინა არქი ვარკეთილის პროექტში (რომლის დასრულებაც 2021 წლისთვის იგეგმება), სივრცის ზონირებისას აუცილებლად გამოიყენეთ ტიხრები. ისინი ბინაში დიდ ადგილს არ დაიკავებენ და ლამაზ გარემოსაც შექმნიან.
2021 წლის ინტერიერის მთავარი სტილი
ეკლექტიკა - ყველაზე კომპლექსური სტილი, რომელიც მოითხოვს კონტრასტული ელემენტების ერთმანეთთან დაკავშირებას. ეს იქნება: დასავლური თუ აღმოსავლური დიზაინი, ასკეტიზმი თუ ფუფუნება, ძველი თუ ახალი, თანამედროვე თუ კლასიკა. ეკლექტური დიზაინის მთავარი წესი ისაა, რომ არ დავარღვიოთ პროპორცია და 3-ზე მეტი სტილი არ გამოვიყენოთ.
ეკომეგობრული სტილი - ამ სტილის შესახებ მისივე სახელი ლაპარაკობს. ეკომეგობრული ინტერიერი იდეალურია მათთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და სურს მის გარშემოც ყველაფერი ბუნებრივი იყოს. ამ სტილის ბინებში შეხვდებით ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ ავეჯს, ბევრ სიმწვანესა და სივრცეს, რომელიც ყოველთვის მზის შუქით არის განათებული.
მინიმალიზმი - მარტივი და სუფთა ფორმები ბევრი მაცხოვრებლის ყურადღებას იქცევს. ეს სტილი ხასიათდება მაქსიმალური სივრცით, ამრეკლავი ზედაპირებით, ბუნებრივი სინათლითა და უბრალოებით. გამოიყენება შემდეგი მასალები: ქრომი, კერამიკა, მინა, პლასტმასი და ქვა.
ფერები
2021 წლის ინტერიერის ფერთა სქემა ჰაეროვან ემოციებს იწვევს. ამ სეზონზე პოპულარულია თეთრის, ნაცრისფერისა და გრაფიტის კომბინაცია. ასევე რელევანტურია დილის ცის ვარდისფერისა და პასტელური ქვიშისფერ-კრემისფერის გამოყენებაც. შედარებით მუქი ფერების არჩევისას, ყურადღება გაამახვილეთ შავ-ნაცრისფერ ჩრდილებზე.
ავეჯი
2021 წლისთვის ტრენდული ავეჯი დამზადებულია არყის ხისგან, ლარიქსისგან და ხის პატერნისგან. ასევე არანაკლებ პოპულარულია პლასტმასის ავეჯი, რომელიც ინტერიერში სიმსუბუქის შეგრძნებას ქმნის.
უფრო და უფრო ფართოდ გამოყენებადი ხდება ინოვაციური ავეჯიც. მაგალითად, სამზარეულოს კაბინეტისთვის არსებობს ღილაკი, რომელზე დაჭერითაც ყველა თარო იხსნება. შესაბამისად, მცირდება სახელურების რაოდენობაც და იქმნება თავისუფალი სივრცე.
მასალები
მეტალი - კოპწია სანათები, ვაზები თუ სარკეთა ჩარჩოები, რომლებიც დამზადებულია ყვითელი სპილენძის, ბრინჯაოსა თუ ქრომირებული რკინისგან, ინტერიერის განუყოფელი ნაწილი ხდება.
ბუნებრივი ხე - ინტერიერში ხის გამოყენება ყოველი სეზონის შემდეგ იზრდება. ეს არ ეხება მხოლოდ ავეჯს თუ სხვადასხვა დეკორს. ხე აქტიურად იქნება გამოყენებული როგორც კედლის, ასევე იატაკის საფარის სტრუქტურაში.
მინა - ამრეკლავი თვისებების გამო, მინა უფრო და უფრო პოპულარული ხდება ინტერიერის დეკორირებაში. მინა ნებისმიერ ოთახს სივრცითა და სინათლით ავსებს. ეს მასალა განსაკუთრებით საჭიროა მცირე ფართის ბინებში.
ქსოვილები
2021 წლის სეზონისთვის ბუნებრივი ქსოვილები პოპულარობას კვლავ არ კარგავს. სხვადასხვა პატერნისა და ნახატის მქონე გობელენები ინტერიერის დიზაინში ისევ აქტიურად გამოიყენება. ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ ავეჯის გადასაკრავ ქსოვილად გამოვიყენოთ ხავერდი და ტყავი, რომელზეც გეომეტრიული პატერნი სუფთად არის შესრულებული.