7 ელემენტი, რომლის ცოდნაც ბინის ინტერიერის დიზაინის აწყობისას გამოგადგებათ
#ინტერიერი
საკუთარი ბინის ინტერიერის დიზაინის შექმნა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო აქტივობაა. ამ პროცესს თან ახლავს უამრავი კრეატივი, ფიქრი და მრავალფეროვნება. თუ შეიძინეთ ბინა არქის პროექტში და ის პრემიუმ კარკასით გადმოგეცათ, ახალ ბინაში გადასვლისთანავე, თქვენ მხოლოდ ამ კრეატიულ და სასიამოვნო პროცესში ჩართვა მოგიწევთ. სწორი და ზუსტად თქვენზე მორგებული ინტერიერის შესაქმნელად კი საჭიროა იმ 7 საბაზისო ელემენტს ვიცნობდეთ, რომლებიც ჰარმონიულ, ფუნქციურ და ჩვენთვის შესაფერის გარემოს ქმნიან.
სივრცე
სივრცე ინტერიერის ფუძეა. თუ გვეცოდინება ჩვენი ბინის სივრცის შესაძლებლობები, შემდეგ უფრო გაგვიმარტივდება მისი დაგეგმარება. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუ გაქვთ შეძენილი მშენებარე ბინა თბილისში, არქის ნებისმიერ პროექტში, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ სივრცე სურვილისამებრ დააგეგმაროთ, ან ეს საქმე არქის გამოცდილ არქიტექტორებს მიანდოთ.
ინტერიერის დიზაინში სივრცე სამგანზომილებიანია - სიგანე, სიგრძე და სიმაღლე. ის შეგიძლიათ შეავსოთ ან ცარიელი დატოვოთ, გააჩნია, როგორ გინდათ დატვირთოთ სივრცე დიზაინერული კუთხით. თავად სივრცე ორ ნაწილად იყოფა: პოზიტიური და ნეგატიური. პოზიტიური მოიცავს საგნებს, ნეგატიური კი - ღია/ცარიელი სივრცეა (ითვლება საგნებს შორის სივრცეც). პოზიტიურ და ნეგატიურ სივრცეს შორის ბალანსის დაცვა აუცილებელია. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ბინა ზედმეტი ნივთით არ გადაიტვირთოს.ინტერიერის სხვადასხვა სტილი სივრცეს „სათავისოდ“ იყენებს, მაგალითად, მინიმალისტური დიზაინისთვის ნეგატიური დიზაინი უფრო მისაღებია, სადაც საგნები შემცირებულია, სივრცე კი - გაზრდილი. სულ სხვა შემთხვევაა, როცა საქმე ეკლექტურ დიზაინს ეხება და სივრცე სხვადასხვა ავეჯითა თუ აქსესუარით არის დატვირთული. რაც შეეხება საგნებს, მათ შეუძლიათ სივრცე ვიზუალურად შეცვალონ. მაგალითად, მაღალი ავეჯი, როგორიცაა, წიგნების თარო, ოთახში სიმაღლის ილუზიას გვაძლევს.
ხაზი
ჰორიზონტალური, ვერტიკალური და დინამიკური ხაზები ოთახის ფორმირებას უწყობს ხელს. ავეჯისა და სტრუქტურული დიზაინის დახმარებით ხაზების შექმნა ინტერიერში ქმნის ჰარმონიას, ერთიანობასა და კონტრასტს. ეს კი ბინაში მცხოვრები ადამიანის ხასიათსა და ცხოვრების ხარისხზე დადებითად აისახება. განვიხილოთ სხვადასხვა ტიპის ხაზები: ჰორიზონტალური ხაზები იქმნება მაგიდისა და სხვადასხვა ზედაპირისგან. ერთიან ჯამში კი, ისინი სტაბილურობის, ეფექტურობისა და ფორმალურობის განცდას გვაძლევს. ჰორიზონტალური ხაზები ოთახს უფრო განიერსა და ფართოს აჩენს. ვერტიკალურ ხაზებს კარ-ფანჯარა ქმნის და ოთახში თავისუფალი და ძლიერი მუხტი შემოაქვს. ფუნქციურ დონეზე ვერტიკალურ ხაზებს შეუძლიათ შექმნან სიმაღლის ილუზია. დინამიკურ ხაზებად დიაგონალური, ზიგზაგისებური თუ მომრგვალებული ხაზები ითვლება.
როგორ ხდება ამ ხაზების გათვალისწინება ინტერიერის დიზაინში? თქვენ ირჩევთ წამყვან, დომინანტ ხაზს, სხვა ხაზებთან მიმართებით კი ბალანსის დაცვა ოთახის ფორმირებას და მასში ჰარმონიის შემოტანას უწყობს ხელს. დაბალანსებულად და ჰარმონიულად მოწყობილი ბინა მასში მცხოვრები ადამიანის ფსიქოლოგიასა და ცხოვრების ხარისხზე დადებითად აისახება.
ფორმა
ფორმა როგორც ოთახის, ასევე მასში განლაგებული საგნების მოხაზულობაა. ფორმა შეიძლება იყოს როგორც გეომეტრიული, ასევე ბუნებრივი. გეომეტრიულ ფორმას მკაცრი ხაზები და მრგვალი კიდეები ახასიათებს. ის ძირითადად ადამიანის ხელით არის დამზადებული. ბუნებრივი ფორმა კი უფრო ორგანულ და ბუნებრივ ფორმებს მოიცავს.
ფორმები კიდევ ორ ტიპად იყოფა: ღია და დახურული. ღია ფორმები - ეს არის საგნები, რომელთა დანახვა შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ ეს საგნები ნებისმიერ დროს გადაადგილოთ და ინტერიერში აბსოლუტურად განსხვავებული დიზაინი მიიღოთ. დახურული ფორმები ისეთ საგნებს მოიცავს, რომლებიც ოთახში მდგარი ავეჯისგან იზოლირდებიან.
ოთახის პროპორციები სწორედ ფორმასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, დიდ ოთახებში პატარა საგნების განლაგება, მათ უფრო მცირედ წარმოაჩენს და ხელს შეუწყობს ნეგატიური, ცარიელი სივრცის გაზრდას. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ოთახის ფორმას პროპორციულად შეუსაბამებთ საგნებს, თქვენ დაბალანსებულ და ჰარმონიულ ინტერიერს მიიღებთ.
სინათლე
ბუნებრივი თუ ხელოვნური სინათლე ბინისთვის აუცილებელი ასპექტია. განათების სხვადასხვა ტიპი არსებობს: ძირითადი, გარემომცველი, განწყობის და აქცენტური. განათების შერჩევისას, აუცილებელია გაითვალისწინოთ,თუ რა სინათლის რაოდენობა უნდა მიეწოდოს ოთახს. მაგალითად, ოფისებში მკვეთრ განათებას ხმარობენ, რათა მომუშავე პერსონალს სამუშაოს გაკეთება გაუადვილდეს. მაგრამ მისაღებ ოთახში მკვეთრი განათება ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს, ამიტომ ბინებში უფრო რბილ განათებას ირჩევენ ხოლმე. უყურადღებოდ არ დატოვოთ ბუნებრივი განათებაც. ფუნქციურ მიზეზებთან ერთად, სწორად შერჩეულ განათებას შეუძლია შეგიქმნათ განწყობა, ინტერიერის დიზაინში კი გამოკვეთოს თქვენთვის სასურველი ფერი, ხაზი თუ ტექსტურა.
ფერი
ფერი, ეს არის ინტერიერის დიზაინის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელიც ადამიანების ხასიათზე მოქმედებს. ფერს შეუძლია ვიზუალურად სივრცე უფრო დიდი ან პატარა წარმოაჩინოს. ამასთან ერთად, თითოეული ფერი ჩვენს განწყობას ქმნის და ჩვენივე სხეულში ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ რეაქციებს იწვევს. მაგალითად, მწვანე და ლურჯი ფერი სიმშვიდით გვავსებს, წითელი აძლიერებს მადას, ყვითელი - ენერგიით გვავსებს და ასე შემდეგ.
ოთახებში ფერის შერჩევა, პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით ხდება, თუ რა დატვირთვით გვინდა ამა თუ იმ სივრცის გამოყენება. მეორე რიგში, განსაზღვრეთ, როგორ ურთიერთქმედებს ბუნებრივი და ხელოვნური სინათლე თქვენს შერჩეული ფერთან (სხვადასხვა განათების წყარომ შეიძლება ფერის აღქმა შეცვალოს). საბოლოოდ კი, უყურადღებოდ არ დატოვოთ სივრცის ზომა. მაგალითად, ღია და ნათელი ფერები მცირე ფართის ბინებში სივრცეს ვიზუალურად ზრდის. ხოლო, მუქი ფერები დიდი ზომის ოთახებს გამოხატულ მოცულობას სძენს.
ქსოვილი
ქსოვილი ეს არის საგნის ხელშესახები ზედაპირი. ინტერიერის დიზაინში ამ ელემენტის გათვალისწინება ხშირად ავიწყდებთ ხოლმე, თუმცა ქსოვილს შეუძლია ბინას უნიკალური ელფერი შესძინოს. ბინაში სიღრმე სივრცისა და ქსოვილის მიქსით იქმნება. გლუვი, უხეში თუ რბილი - ავეჯიდან დაწყებული აქსესუარებით დამთავრებული, ქსოვილს ნამდვილად შესწევს უნარი ბინაში ესთეტიკურად ლამაზი და სასიამოვნო ატმოსფერო შექმნას.
ქსოვილის ორი ფორმა არსებობს: ვიზუალური და ფაქტიური. ვიზუალურ ქსოვილს უწოდებენ ისეთს ქსოვილს, რომელიც თვალის მიერ აღიქმება. ფაქტიურ ქსოვილს კი 3D მახასიათებლები გააჩნია და მას არა მარტო ხედავთ, არამედ ეხებით კიდეც. ამის კარგი მაგალითი ღუნღულა, ფერადი ბალიშებია, რომლებსაც როგორც თვალით აღიქვამთ, ასევე ეხებით.
თუ ინტერიერის დიზაინის შექმნისას, გაქვთ ისეთი შთაბეჭდილება, რომ რაღაც გაკლიათ, მაშინ იცოდეთ, რომ ეს ზუსტად ქსოვილია.
პატერნი
პატერნი განმეორებადი დიზაინით იქმნება. ის გვხვდება შპალერში, რბილ ავეჯში, ხალიჩებსა თუ ქსოვილებში. პატერნის უამრავი ტიპი არსებობს, როგორებიცაა, გეომეტრიული, ხაზები, ორგანული, ცხოველისა თუ მცენარეების პრინტები და ასე შემდეგ. როდესაც დიზაინში პატერნის შემოტანას დააპირებთ, პირველ რიგში, ოთახის სტილი და ზომა უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, მცირე ფართის ბინებში, პატერნი ზომიერად გამოიყენეთ, რადგან მას სივრცის გადატვირთვა შეუძლია. არსებობს კომპლექსური პატერნები, რომლებიც იქმნება კონტრასტული ფერებისა და ხაზებისგან, შედეგად კი, ისინი ოთახს აცოცხლებენ. თუ ჩვენი ბინის დიზაინი ინტერიერის რომელიმე სტილით არის შექმნილი, აუცილებელია ვიცოდეთ, რომელი პატერნი შევუსაბამოთ. მაგალითად, ტრადიციული სტილის ოთახებში ორგანული, ყვავილოვანი პრინტები გამოიყენეთ. თანამედროვე სტილის ინტერიერში გეომეტრიული და აბსტრაქტული პრინტები დაგეხმარებათ. სწორად შერჩეულ პატერნს ბინაში სიხალასისა და ენერგიის შემოტანა შეუძლია.
საბოლოო ჯამში, ინტერიერში ამ 7 ელემენტის გათვალისწინება იმ გარემოს ქმნის, რომელიც ხარისხთან, ჰარმონიასა და ესთეტიკურ ღირებულებებთან არის დაკავშირებული. ამ სამი ფაქტორის არსებობა კი ჩვენი, როგორც მაცხოვრებლების, ცხოვრების ხარისხზე დადებითად და პოზიტიურად აისახება.