გაიცანით თიკო პეტაშვილი - პერსონალური მრჩეველი არქიში
#ინტერვიუ
პერსონალური მრჩეველი, თიკო პეტაშვილი, არქიში 8 წელია მუშაობს. სწორედ, უკვე ამდენი წელია, რაც თიკო მომავალ არქელებს შეუცვლელი ბინის შერჩევასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
ჩემ შესახებ
პროფესიით იურისტი ვარ. არქიში პირველად მოსვლისას, გადავწყვიტე, ჩემი პროფესია რადიკალურად შემეცვალა და გაყიდვების მიმართულებით წავსულიყავი. ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, რაც ჩემს პოზიციაზე მუშაობას სასიამოვნოდ მიმარტივებს. ჩემი განტვირთვის წყარო მოგზაურობა და მეგობრებთან, ოჯახთან ერთად ყოფნაა. საოცარ განწყობას მიქმნის ახალი წლის ჯადოსნური ღამე და საახალწლო განათებები. ამ დროს, არქიში იმდენად სასწაული გარემო იქმნება, რომ ახალ წელს კიდევ უფრო ამაღლებული განწყობით ვხვდები ხოლმე. ასევე მიყვარს მუსიკა, ფილმები და წიგნების კითხვა. არქიში პროფესიული წიგნის კითხვის დღე ხშირად გვაქვს. მიხარია, რომ კომპანია ჩემი ინტერესების სფეროს განვრცობასა და პროფესიული კუთხით ცოდნის მიღებაში მეხმარება.
პირველი დღე არქიში
8 წლის წინ, არქი შედარებით პატარა ოჯახი იყო. დღევანდლისგან განსხვავებით, გაყიდვები და მარკეტინგი ერთ დეპარტამენტში ერთიანდებოდა, სადაც სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობდა. როცა მოვედი, ეს ადამიანები ძალიან კარგად დამხვდნენ. ცოტა ვნერვიულობდი კიდეც, რადგან აქამდე დეველოპერულ კომპანიაში, თან გაყიდვების კუთხით, არასოდეს მემუშავა. შეიძლება ითქვას, რომ აქ ავიდგი ფეხი, პროფესიულად გავიზარდე და ადამიანებთან ურთიერთობაშიც დიდი გამოცდილება მივიღე.
რაც ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს
პერსონალური მრჩეველი მომავალ არქელებს ბინის შერჩევასა და ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. ყველა მომხმარებელი ინდივიდუალურია, თითოეულ მათგანს უნდა მოუსმინო, გაიგო მისი საჭიროება და სასურველი ბინის შეძენაში დაეხმარო. ყოველდღიურად ძალიან ბევრ მხიარულ თუ სევდიან ისტორიას ვისმენთ. ვფიქრობ, ეს საქმე თუ არ გიყვარს, რთულია წლები აკეთო. არქელებისგან წამოსული ემოციები, მადლიერება და დადებითი უკუკავშირი კი ის მუხტია ზუსტად, რაც არქიში ყოფნის ჩემს 8-წლიან გამოცდილებას საინტერესოსა და ემოციურს ხდის. საოცარია იმის განცდა, როგორ გვენდობა ამდენი ადამიანი და მსურს, რომ მათ მიმართ მადლიერება გამოვხატო.
ისტორია, რომელიც დამამახსოვრდა
მახსოვს, შესვენებაზე ვიყავი, როდესაც მომხმარებლის დედამ დამირეკა. ისტორია იყო ის, რომ ყოველთვიური გადასახადის გადახდა გაუჭირდათ. არქი მათ გვერდში დაუდგა, ისე გადაუნაწილა თანხა, რომ ხელშეკრულების გაუქმება არ გახდა საჭირო. ეს ზარი კი იმ პირველ ღამეს მოჰყვა, როდესაც თავიანთ ახალ ბინაში პირველად გაათენეს. მომდევნო დილით ამ ქალმა დამირეკა და მადლობა გადამიხადა. ორივე ჩვენგანისთვის იმდენად ემოციური იყო ეს ყველაფერი, რომ მეც იმ ქალთან ერთად ვტიროდი. სწორედ, ასეთი ამბებია ის მუხტი, რაც 8 წელი ერთ საქმეს სიამოვნებით მაკეთებინებს.
არქიმდე და არქიში
ვფიქრობ, არქიში როგორც პროფესიონალი დავიხვეწე, რადგან ეს კომპანია დასაქმებული ადამიანების განვითარებაზეა ორიენტირებული. კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები ხშირად გვიტარდება. ეს გვეხმარება უკეთ გავიგოთ ერთმანეთის აზრი, თუ რისი გაუმჯობესება შეიძლება, ასევე დავადგინოთ ჩვენი მომხმარებლის საჭიროება და, შესაბამისად, მათ უკეთესი სერვისიც შევთავაზოთ.
არქიში მოსვლის დღიდან ბევრი რამ ვისწავლე. გავიზარდე და განვვითარდი როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული კუთხითაც. ვფიქრობ, არქიში მოსვლამდეც კომუნიკაბელური ადამიანი ვიყავი, თუმცა აქ მუშაობის პროცესში ადამიანების მოსმენა სხვანაირად დავიწყე. ვისწავლე, როგორ გადმოვცე ჩემი ემოციები სწორად. ამაში ჩემი პირვანდელი პროფესია, იურისტობაც, მეხმარება. როგორც კომპანია გაიზარდა ამდენი წლის განმავლობაში, ვგრძნობ, რომ მეც მასთან ერთად ვიზრდები.
ერთი სიტყვით, სწორ ადგილას სწორ დროს აღმოვჩნდი.
ჩემი გუნდი
როცა მუშაობა დავიწყე, არქის გუნდი იყო ის მთავარი მამოტივირებელი ძალა, რის გამოც სამსახურში მოსვლის ყოველი დღე მიხაროდა. მხვდებოდნენ ადამიანები, ვისთან ერთად მუშაობა და დროის გატარება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. დღესაც სწორედ ასეა. საქმიანობის გარდა, ისეთი ადამიანები გავიცანი, სამსახურის გარეთაც რომ ვმეგობრობთ.
არქის როლი გუნდურობის ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობის მატარებელია. რთულ პერიოდებში ყველა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. სწორედ, ეს დადებითი და პოზიტიური გარემო ჩემს გამოცდილებას არაერთფეროვანს, საინტერესოს და შესანიშნავ თავგადასავლად გარდაქმნის.