გაიცანით თეო - დიზაინერების გუნდის ხელმძღვანელი არქიში
#ინტერვიუ
თეო ჭავჭავაძე არქიში უკვე 4 წელია მუშაობს. ის გრაფიკული დიზაინერების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. თეოს შექმნილი ვიზუალები აუდიტორიის გულამდე ყოველთვის მიდის, რაც, თავისთავად, კომპანიის წარმატებაზეც აისახება.
ჩემი მოსვლა არქიში
არქის ვაკანსია 4 წლის წინ ვნახე. მაშინ პატარა სააგენტოში ვმუშაობდი, მსურდა, უფრო დიდ კომპანიაში გადავსულიყავი, ბევრად მასშტაბური გეგმები დამესახა და პროფესიული კუთხითაც განვითარებულიყავი. არქიმ სწორედ ამის საშუალება მომცა. მახსოვს, გასაუბრებაზე, ჩემთან ერთად ბევრი კანდიდატურა იყო და ძალიან ვნერვიულობდი. შესაბამისად, სიხარულიც დიდი იყო, როცა გავიგე, რომ 3D დიზაინერის პოზიციაზე არჩევანი ჩემზე გააკეთეს. დღეს კი უკვე დიზაინერების გუნდის ხელმძღვანელი ვარ.
არქიში მოსვლის შემდეგ
ამ 4 წლის განმავლობაში, ჩემს პროფესიულ ზრდასთან ერთად, ვუყურებდი იმასაც, თუ თავად კომპანიამ რა ეტაპები გაიარა. გაიზარდა, როგორც ჩვენი მომხმარებლების, ასევე თანამშრომლების რიცხვი, საჭირო გახდა შიდა სივრცეებში, სხვადასხვა მიმართულებით, უფრო მეტი საქმის კეთება. არქიმ მომცა საშუალება ჩემი ტექნიკური მონაცემები უფრო დამეხვეწა, შემომთავაზა კურსების გავლა, მაგალითად, ვისწავლე, თუ როგორ იქმნება ვიდეორგოლები, სარეკლამო პოსტერები და სხვა. კურსების შემდეგ შეძენილი უნარები ხარისხიანი პროდუქტის შექმნასთან ერთად, კარიერულ წინსვლაშიც დამეხმარა.
არქიში ნამდვილად დიდი გამოცდილება შევიძინე. რადგან კომპანია ნელ-ნელა იზრდება, უფრო მეტი მოვალეობები და ვალდებულებები შემოდის, რაც უფრო დიდი გამოწვევების წინაშე მაყენებს. ეს კი პროფესიულ ზრდის პროცესში ყველაზე მეტად მეხმარება.
ყველაზე მეტად, რაც ჩემს პროფესიაში მიყვარს
სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ჩემი გუნდის შექმნილ პროდუქტს ვუყურებ. ის უკუკავშირი და ემოციები კი, რაც ადამიანებისგან მოდის, მუშაობის პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის.
თავად მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა. მასში გუნდის თითოეული წევრი ვართ ჩართულნი. როდესაც მოდის დავალება, ვიწყებთ იდეებზე ფიქრს, ნაწილდება საქმეები, იქმნება ერთი დიდი ჯაჭვი, ვიღებთ პროდუქტს, შეგვაქვს ცვლილებები მასში და საბოლოო სახით აუდიტორიამდე ვუშვებთ. შემდეგ კი მათ ემოციას დიდი გულისყურით ველოდებით.
რომ არა არქი
არ მეყოლებოდა ბევრი მეგობარი, რომელიც არქიში შევიძინე. სამსახურის მიღმა, მათთან ერთად ძალიან დიდ დროს ვატარებ, უამრავ ემოციას ვიღებ. რომ არა არქი, ზუსტად არ ვიცი სად ვიქნებოდი, თუმცა ახლა, აქ ყოფნისას, ვიცი, რომ შემოქმედებით ნაწილთან მენეჯმენტური უნარებიც შევიძინე. ეს ყველაფერი კი არა მარტო პროფესიაში, არამედ ცხოვრებაშიც ძალიან მადგება. რაც მთავარია, თავს კომფორტულად და კარგად ვგრძნობ. სამსახურში დღე სწრაფად, ხალისიანად და პროდუქტიულად გადის. მიხარია, რომ კომპანიის მხრიდან დიდ ნდობას ვგრძნობ.
ძალიან მომწონს ის ფაქტი, თუ როგორ ხედავს კომპანია თითოეულ იმ თანამშრომელს, ვისაც უყვარს თავისი საქმე და განვითარების სურვილი აქვს. სწორედ, ამიტომ, ხშირად არის წამახალისებელი საჩუქრები, დაჯილდოებები. მაგალითად, წინა წლის საუკეთესო თანამშრომელი ჩემი გუნდის წევრი გახდა და ამის გამო საოცრად ამაყი ვარ.
ჩემ შესახებ
ჩემი ჰობია სალაშქროდ, ქალაქგარეთ სიარული, ახალ-ახალი შეგრძნებების პოვნა და ადგილების დათვალიერება. მიყვარს სამაგიდო თამაშები, მეგობრებთან ყოფნა, სერიალების ყურება და, რა თქმა უნდა, ხატვა. ხშირად დავდივარ სხვადასხვა კონცერტსა თუ ფესტივალზე და ჩემს საყვარელ არტისტებს ვუსმენ ხოლმე. პანდემიის გამო, მსგავსი ღონისძიებები შემცირდა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მალე ყველაფერი ჩვეულ ნორმას დაუბრუნდება.