გაიცანით სოფო მესხი - სამშენებლო პროექტების მენეჯერი
#ინტერვიუ
ჩემ შესახებ
მე სოფო მესხი ვარ. არქის გუნდის წევრი ვარ 2019 წლიდან. თავდაპირველად პროექტების ადმინისტრატორის პოზიცია მოვირგე. ჩემს მოვალეობაში იყო ყველა ახლად დასრულებული და მიმდინარე პროექტის ადმინისტრაციული საკითხების მენეჯმენტი. ვიყავი ყველა დეპარტამენტსა და პროექტების მართვის დეპარტამენტს შორის ინფორმაციის გამტარი. ფაქტობრივად, ვასრულებდი „ჰაბის“ ფუნქციას, რის გამოც დიდ ინფორმაციას ვფლობ არქიში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებზე.
ამ დროის განმავლობაში თითქმის ყველა პროცესში ვიყავი ჩართული, გარდა უშუალოდ მშენებლობისა. 6 თვეა ამ საქმესაც შევეჭიდე.
ახლა ჩემს მოვალეობაშია 4 საცხოვრებელი სახლისგან შემდგარი, "არქი იასამნების" კომპლექსის მშენებლობის მენეჯმენტი, პროექტირების პროცესიდან მოსახლეობისთვის ბინების გასაღებების გადაცემამდე. ისევ ვასრულებ „ჰაბის“ ფუნქციას, თუმცა ამჯერად ერთ კონკრეტულ პროექტზე და მეტი ვალდებულებით.
ყოველთვის მჯეროდა, რომ სურვილის არსებობის შემთხვევაში ყველაფერი შეგვიძლია ადამიანებს. არქიმ კი შესაძლებლობა მომცა, რომ ჩემი რწმენა კიდევ უფრო განმემტკიცებინა, რამაც ერთმნიშვნელოვნად გამიზარდა საკუთარი თავის მიმართ რწმენა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა ჩემს ეფექტიანობაზე.
არქიში ვისწავლე, პროდუქტიულობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია იმ საქმის კეთება, რომელიც სიამოვნებას განიჭებს, რომ დილით გაღვიძება მოვალეობის შესრულების ვალდებულებით გამოწვეულ უარყოფით ემოციებთან არ ასოცირდებოდეს. ვისწავლე, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალი და სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში მუშაობა. ვისწავლე, დროის უკეთესი მენეჯმენტი, პრიორიტეტების სწორად გადანაწილება და რომ საქმის გადადება არ შეიძლება, რადგან ყველაფერი „გუშინ გაქვს გასაკეთებელი“. გავიუმჯობესე კომუნიკაციის უნარები და ძალიან მნიშვნელოვანი, შევიძინე საოცარი ადამიანები.
მიმდინარე პროცესი
პროექტის მენეჯერები ფაქტობრივად, არქიტექტურული პროექტის სქემატური დამუშავების პროცესიდან ჩართული ვართ ყველა პროცესში. ჩვენი არქიტექტორები იწყებენ არქიტექტურული პროექტის დამუშავებას, რომელიც მერიაში შესათანხმებლად საჭიროებს გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევებს, კონსტრუქციული და საინჟინრო ქსელების პროექტებს. ჩემი პირველი მოქმედება საჭირო ხდება, როდესაც არქიტექტურული პროექტი მზად არის ზემოთაღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერზე გასაგზავნად.
ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია სამუშაო პროცესი, როდესაც ნახაზების დონეზე დაგეგმარებიდან ეზოში ბოლო ხის დარგვამდე ყველაფერში მონაწილეობ.
ჩემი წვლილი არქიში
არქის ყველა გუნდის წევრი თითო აგურს ვდებთ არქის იმიჯის ჩამოყალიბებაში. ამიტომ ყველა ჩვენგანის ჩართულობა თანაბრად მნიშვნელოვანია. თუმცა, საბოლოო პროდუქტი მაინც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი წარმატების შენარჩუნებაში, სწორედ დასრულებული პროექტებია არქის სახე, ხოლო ჩემი პირდაპირი მოვალეობაა იმის კონტროლი, რომ არქელებმა ზუსტად ისეთი ბინები და გარემო მიიღონ, როგორსაც დავპირდით.
ერთფეროვნება და ნელი ტემპი ძალიან მოსაბეზრებელია ჩემთვის. აქ - არქიში კი სულ გვეჩქარება, სულ „ქაოსია“ და მე ამ მრავალფეროვანი ქაოსის ნაწილად ყოფნა მომწონს.
ჩემი ძლიერი მხარე
ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება მულტითასქინგია. ხშირად გვიწევს ერთი საკითხის დამუშავების პროცესიდან წამებში სხვა, იმ მომენტში მეტად პრიორიტეტულზე სრულად გადართვა, მერე ისევ უკან დაბრუნება და ასე დაუსრულებლად - ყველაფერზე ერთდროულად ფიქრი.
აუცილებელია სტრესულ გარემოსთან ადაპტირება, გადაწყვეტილებების სამუშაო ტემპის შესაბამისად, სწრაფად მიღების და კომუნიკაციის უნარები, ასევე, რა თქმა უნდა, დროის მენეჯმენტი.
რატომ ირჩევენ არქის
სანდოობა, ხარისხი, პასუხისმგებლობის მაღალი დონე, მზრუნველობა. ეს არქის ის თვისებებია, რომლებიც ვფიქრობ, უსაფუძვლოდ არასდროს გვესმის.
ასევე, არქიში სამშენებლო მასალების შერჩევას მაქსიმალური სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით. რაც ბაზარზე ლიდერობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, ვიყენებთ გერმანული ბრენდის Ytong-ის ენერგოეფექტურ ბლოკს და დაბალემისიურ მინებს, რომლებიც ასევე ენერგოეფექტურობით გამოირჩევა.
პროექტების უმეტეს ნაწილზე ეწყობა ვენტილირებადი ფასადი, რომელიც ინარჩუნებს იერსახეს და გამოირჩევა ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადით.
ახალი კორპუსები კი სრულად აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილების შესაბამისად. ასევე არქელების კომფროტისათვის, ჩვენი ყველა პროექტი წყლის რეზერვუარსა და გენერატორს მოიცავს.
სამშენებლო ნორმები და ხარისხის კონტროლი
სამშენებლო ნორმების დაცვისა და ხარისხის კონტროლისთვის არქიმ ხარისხის მართვის დეპარტამენტი ჩამოაყალიბა. ჩვენი ტექნიკური ჯგუფი ყოველკვირეულად ამოწმებს ყველა ობიექტს. ამასთან, როგორც კონსტრუქციული, ასევე არქიტექტურული პროექტის ავტორები, ახორციელებენ ვიზიტებს საავტორო ზედამხედველობის ფარგლებში, რომ გარდა ხარისხის კონტროლისა, არ მოხდეს პროექტიდან გადახვევა. ამ და სხვა რიგი კონტროლის მექანიზმებით მაქსიმალურად ვართ დაცულები შეცდომების დაშვებისგან.
ასევე მკაცრად კონტროლდება მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა. აღნიშნული მიმართულებითაც გვყავს კონსულტანტი, რომელიც ასევე ყოველკვირეულად ახორციელებს ვიზიტებს პროექტებზე. ყოველდღიურად კი პროექტის მენეჯერები და ზედამხედველები ვადევნებთ თვალს პროცესებს.