ფანჯრის ყვავილების იდეა საგაზაფხულო განწყობისთვის
#ინტერიერი
#გამწვანება
გაზაფხულის მოსვლას ყველაზე მძაფრად ყვავილების აყვავება გვაგრძნობინებს. ფანჯრის ყვავილები კი იდეალური ადგილია მათ წარმოსაჩენად. ისინი თქვენს სახლს გამორჩეულ და მხიარულ ვიზუალს შესძენენ. ამისათვის სულაც არ არის საჭირო ბევრი მცენარის შეძენა. მცირე რაოდენობის ყვავილებსაც შეუძლიათ ეფექტის მოხდენა, ამასთან, თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ მათი ყურებით როგორც სახლიდან, ასევე ეზოდან.
როდესაც ფანჯრის ყვავილების მოწყობას გადაწყვეტთ, მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი ისეთი ყვავილების შერჩევაა, რომელიც ადრეულ გაზაფხულზე იწყებენ ყვავილობას და ასევე გარემო პირობებისადმი აქვთ ამტანობა. მაგალითად, თუ თქვენი ფანჯარა დღის განმავლობაში ძალიან მზიანია, აირჩიეთ ყვავილი რომელსაც უყვარს ბევრი მზე.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 გაზაფხულის ფანჯრის ყვავილის იდეა, რომელიც თქვენს სახლს გაალამაზებს.
კალა-ლილის მიქსი
ყვითელი, თეთრი, მწვანე და იასამნისფერი ტონები ერთგვარი ფერადი მესიჯია, რომ გაზაფხული დადგა. ეს ფანჯრის ყვავილები გამოკვეთილია შავ საყვავილე ყუთში. უკანა მხარეს არის ყვითელი კალა-ლილი, ხოლო ფუმფულა ყვითელი და თეთრი ჰორტენზია ყუთის უმეტეს ნაწილში ბინადრობს. გვერდებზე და წინა მხარეს იღვრება პაწაწინა თეთრი ბაკოპას ყვავილები. მცენარეების სხვადასხვა სიმაღლე ვიზუალურად მიმზიდველია და ისინი ხელს უწყობენ ყუთის შევსებას. ამ მცენარეებმა ყვავილობა უნდა დაიწყოს გვიან გაზაფხულზე და მათ უნდა ჰქონდეთ თანაბრად ტენიანი ნიადაგი.
მდიდრული ფერები
გაზაფხული არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ პასტელურ ფერებს. ბევრი მშვენიერი ფანჯრის საყვავილე ყუთი შევსებულია განსაცვიფრებელი მუქი ფერებით. ეს აყვავებული ფანჯრის ყუთი მოიცავს ჭრელ კოლეუსს, მილიონ ზარს (პეტუნიების ბიძაშვილი, რომელიც უფრო პატარა ყვავილებს იკეთებს), ვინკას და ასპარაგეს გვიმრას. როგორც მილიონ ზარი, ასევე ვინკა, ხანგრძლივი აყვავების პერიოდით გამოირჩევა. ისინი ხშირად გაზაფხულიდან შემოდგომის ყინვამდე ყვავილობენ. ასე რომ, ეს დიზაინი მიმზიდველობას მთელი სეზონი შეინარჩუნებს. გაითვალისწინეთ, რომ მათ არ უყვართ ბევრი და ძლიერი მზე, ამიტომ მოათავსეთ ისინი ჩრდილიან კუთხეში.
მზიანი ნარცისები
ნარცისები ადრე გაზაფხულზე ყვავის, ბოლქვები კი კონტეინერებში საკმაოდ ადვილი მოსავლელია. უბრალოდ დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ საკმაოდ ღრმა და კარგი დრენაჟის მქონე ყვავილის ყუთი, რადგან ნარცისის ფესვებს მოსწონთ, როდესაც ფესვები მჭიდროდ აქვთ მიწაში და არ მოსწონთ სველი ნიადაგი.
ნარცისები მთავარი ხიბლი იმაშია, რომ ყველა ერთდროულად ყვავილობს, რაც შესანიშნავ სანახაობას ქმნის.
პეტუნიათა წვეულება
კაშკაშა იასამნისფერ, ვარდისფერ და ყვითელ ფერებში პეტუნიების მასა, ამ საყვავილეს ავსებენ. პეტუნიის სახეობაში უამრავი ვარიანტია, მათ შორის ერთჯერადი და ორმაგი ყვავილობა, გლუვი და გახეხილი ფურცლები, ზოლიანი და მყარი ფერები. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ საყვავილე კოლოფი ზუსტად მოარგოთ თქვენს პრეფერენციებს. დამჭკნარ ყვავილებს მოაჭერით თავი, რადგან ეს ხელს უწყობს შემდგომ აყვავებას.
გაზაფხულის სუკულენტები
სუკულენტები ყველაზე უპრეტენზიო და ხანგრძლივი ყვავილობის მქონე მცენარეა. შემოდგომაზე დარგული სუკულენტები მთელი ზამთარი ცოცხლობენ და გაზაფხულზე საუკეთესოდ გამოიყურებიან. ზოგიერთი ჯიში ყვავილებსაც გამოყოფს. ამ ყუთში სუკულენტებს მიეკუთვნება კალანხოე (თექის მცენარე), ვარდისფერი ეშევერია, კრასულა და ფანქრის კაქტუსები. ეს სუკულენტები შეიძლება გაიზარდონ შენობაშიც, ასე რომ შეგიძლიათ შეინახოთ საყვავილე სახლში სანამ ამინდი საკმარისად თბილი იქნება მცენარეებისთვის.
ვარდისფერი ჰორტენზია
ჰორტენზია მრავალ სახეობას მოიცავს. ეს ფუმფულა ვარდისფერი ჯიში კი იდეალურად შეეფერება თბილი სეზონის შემოსვლას. მათი გაზრდა საკმაოდ მარტივია სხვადასხვა ჯიშის მწვანე ფოთლოვან მცენარეებთან და ამასთანავე საკმაოდ ზღაპრული ვიზუალის ეფექტს ქმნიან.
სწორად შეარჩიეთ გაზაფხულის ჰორტენზიები, რადგან ზოგიერთი ჯიში ზაფხულში იწყებს ყვავილობას. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ჰორტენზია სიცივესა და ყინვას ვერ უძლებს. ამიტომ, თუ ისეთ ადგილას ცხოვრობთ, სადაც შედარებით ცივი კლიმატია და შეიძლება მოიყინოს კიდეც, ყვავილებს ზეწარი გადააფარეთ ან დროებით სახლში შეიყვანეთ.
ტიტები
ტიტები კლასიკური საგაზაფხულო ყვავილებია. როგორც კი ადრეული გაზაფხულის პერიოდი დგება, ყველაზე ხშირად სწორედ ამ ყვავილებს შეხვდებით.
ტიტების მრავალი ფერთა გამა არსებობს. მეტი სიჭრელისთვის, სცადეთ სხვადასხვა ფერის ტიტების დარგვა. სახეობის მიხედვით, ისინი დაახლოებით 30 დან 60 სმ-მდე იზრდებიან და მათი ყვავილის ფორმაც განსხვავდება. გაითვალისწინეთ, რომ ისინი ერთმანეთისგან 5-12 სმ-ის დაშორებით უნდა დარგოთ.