ეკლექტური სტილი - ინტერიერი კრეატიული და გაბედული ადამიანებისთვის
#ინტერიერი
საკუთარი ბინისთვის ინტერიერის დიზაინის შერჩევა ერთ-ერთ საინტერესო და შემოქმედებით პროცესს წარმოადგენს. ეს არის საშუალება სრულფასოვნად გამოხატოთ თქვენი პიროვნება და ბინასაც ინდივიდუალური შტრიხები შემატოთ. ეკლექტური დიზაინი ინტერიერის გამორჩეული სტილია, რომელიც ბალანსითა და კონტრასტულობით გამოირჩევა. თუ თქვენ ენერგიული, კრეატიული, თავისუფალი და გაბედული ადამიანი ხართ, ეკლექტური დიზაინი სწორედ თქვენი პიროვნების გამომხატველი იქნება. ეს არის სტილი, რომელშიც კონტრასტული ფერები და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სტილები ერთიანდებიან და ჰარმონიულ კავშირს წარმოქმნიან. შესაბამისად, ერთ ბინაში თავისუფლად და ჰარმონიულად შეიძლება არსებობდეს ისეთი ინტერიერის დიზაინის სტილები, როგორებიცაა, თანამედროვე, არტ-დეკო თუ ბოჰემური.
ეკლექტურ ინტერიერში ჭერი და იატაკი მშვიდ ფერებშია გადაწყვეტილი. ასევე შეგიძლიათ შპალერიც გააკრათ. რა თქმა უნდა, ეს კონტრასტული პანელების გამოყენებას არ გამორიცხავს. ეკლექტური სტილის პრინციპიც სწორედ ესაა: მშვიდი ფერებიდან ისე ნაზად გადავიდეს კაშკაშა ფერებში, რომ ჰარმონიულობა შენარჩუნდეს. მაგალითად, ცისფერი ჭერისა და ღია ფერების კედლების ტანდემი არაჩვეულებრივ კომბინაციას ქმნის. ასევე შეგიძლიათ კედელი ხელით მოხატოთ ან ორნამენტებით შესრულებული ფილებით გააფორმოთ.
ეკლექტიკას ხალიჩები „უყვარს“. ეს შეიძლება იყოს თანამედროვე, რეტროსტილის, გეომეტრიული თუ ყვავილოვანი პატერნის მქონე ხალიჩა. უფრო ბიუჯეტური ვარიანტი ლინოლიუმი ან ლამინატის იატაკის საფარი გახლავთ.
ეკლექტური სტილის შექმნაში დიდი წილი ავეჯსაც ეკუთვნის. თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა დროის პერიოდისა თუ ესთეტიკის ავეჯი ერთმანეთს შეუსაბამოთ და ეკლექტური დიზაინიც მიიღოთ. მაგალითად, რა შეიძლება დადგათ მისაღებ ოთახში? ტრადიციული ყავის მაგიდა, თანამედროვე აქცენტებით შესრულებული სკამები, ვინტაჟური ბოჰო სტილის ხალიჩა და შუა საუკუნეების სტილის დივანი - სხვადასხვა სტილის მსგავსი მიქსი ტოვებს იმ შეგრძნებას, რომ სივრცე მთელ ისტორიას ერთად უყრის თავს. ამასთან ერთად, იქმნება დინამიკური ატმოსფერო, რაც თქვენს კრეატიულ, უჩვეულო და უნიკალურ გემოვნებას ხაზს უსვამს.
ეკლექტური ინტერიერი აქსესუარებითა და დეკორატიული ელემენტებითაა გაჯერებული. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ამ სტილს სწორედ აქსესუარების მრავალფეროვნება განაპირობებს. ნახატები, მათი ჩარჩოები, ფიგურები, სანთლები, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ვაზები და სხვა - ეკლექტური სტილისთვის განკუთვნილი აქსესუარების სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. სანათები ასევე არაჩვეულებრივი დეკორატიული ელემენტებია, რომლებიც ბინის მოსართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ეკლექტურ სტილში შესრულებული ბინები თბილისში მრავალფეროვან გარემოსა და აქტიური ცხოვრების რიტმს შეესაბამება. ეს კონკრეტული სტილი ახალგაზრდებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თუ ეკლექტურ ინტერიერში თქვენი თავი იპოვეთ, უძრავი ქონება კი არქის დასრულებულ პროექტში გაქვთ შეძენილი, უკვე შეგიძლიათ ბინის ამ სტილით მოწყობას შეუდგეთ.