ნაძვის ხის მორთვის 8 სტილი
#ინტერიერი
ტრადიციული
ტრადიციულ საახალწლო გაფორმების სტილში ჭარბობს წითელი, მწვანე და ხის ფერები. ხშირ შემთხვევაში, იყენებენ ნატურალურ ნაძვს და სხვადასხვა ბუნებრივი ელემენტებით ანაცვლებენ დეკორაციებს. მაგალითად გირჩისა და ხის სათამაშოებს, გირლანდებს, წიწვოვან გვირგვინებს, ტარტანის ქსოვილებს და სხვა. როგორც წესი, Სსაჩუქრები დიდი ლენტებითა და პრიალა ქაღალდებით არის შეფუთული. თუ გარემო ამის შესაძლებლობას გაძლევთ და ბუხარი გაქვთ, ნამდვილი ცეცხლის გიზგიზი საუკეთესო ესთეტიკაა ტრადიციული საახალწლო დეკორაციისთვის, თუმცა დეკორაციული ბუხრის შექმნა სასიამოვნო გამოწვევაა და სიმყუდროვის განწყობასაც შეგიქმნით. ჩართეთ ცეცხლისა და ტოტების ტკაცუნის ხმა მუსიკის ფონზე, დაანთეთ ტყის სურნელის სანთლები და ისიამოვნეთ ახალი წლის სადღესასწაულო სიმყუდროვით.
მინიმალისტური
მინიმალისტური ნაძვის ხის დეკორი ყველაზე ნაზი და მარტივი მიმდინარეობაა მორთულობებს შორის. Იიმისათვის, რომ მივიღოთ მინიმალისტური საახალწლო გარემო, საკმარისია ნაძვის ხე დაწნულ კალათაში მოვათავსოთ, ხოლო მისი სათამაშოები და დეკორი, სახლის უკვე არსებულ დიზაინთან შევახამოთ. უშუალოდ ნაძვის ხე მცირე ზომის თეთრი ან ყვითელი განათებით შემოსეთ. თუ სათამაშოები განწყობის ასამაღლებლად გჭირდებათ, გამოიყენეთ თეთრი, შავი ან პასტელური ფერების დეკორი. თუ მინიმალისტურ მიმდინარეობას აირჩევთ, გახსოვდეთ, რომ სიმარტივე არის დახვეწილობის სიმბოლო.
თეთრი ნაძვის ხის დეკორი
თეთრი ნაძვის ხის დეკორი შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც თეთრ, ასევე ბუნებრივი ნაძვი ხის ფერში. ჩვენს ბლოგში, შერჩეულია მწვანე ნაძვის ხე, რომელიც გაფორმებულია თეთრი სათამაშოებითა და თეთრი ბუმბულებიანი დეკორით. არ არის აუცილებელი, რომ თეთრი ესთეტიკის შესაქმნელად, ნაძვის ხის სათამაშოებშიც თეთრი ფერი ჭარბობდეს, ახალი წლის გაფორმებისთვის მსგავსი ერთფეროვნება მოსაწყენი და განწყობის ნაკლებად ასამაღლებელი იქნება, ამიტომ გირჩევთ გამოიყენოთ ნაზი პასტელის ფერები ან ოქროსფერი და ვერცხლისფერი, ეს ორი ფერი ყველაზე ჰარმონიულად ერწყმის თეთრ დეკორს. სითეთრის ესთეტიკის გასამძაფრებლად, მარტივი და ეფექტური ხერხია საჩუქრების თეთრ, ოქროსფერ და ვერცხლისფერ ფერებში შეფუთვა, ინტერიერში თეთრი სანთლებისა და შანდლების შემოტანა. ასევე შეგიძლიათ ნაძვის ხესთან მოათავსოთ თეთრი ან კრემისფერი ტახტი. თუ თეთრი ფერის ავეჯი არ გაქვთ, გამოიყენეთ ნეიტრალური ტონების ტექსტილი და გადაადეთ სავარძელს. და ბოლოს გამოიყენეთ მხოლოდ თეთრი ან ყვითელი განათება, არ შემოიტანოთ ინტერიერში ფერადი მანათობლები, რადგან ეს დეტალი თეთრი შობა-ახალი წლის ესთეტიკას ელფერს შეუცვლის.
ვინტაჟური
ვინტაჟური ახალი წლის გაფორმება ეკლექტური და რეტრო ესთეტიკის ნაზავია. თუმცა, ქართველი ადამიანის ვინტაჟური ახალი წელი საბჭოთა კავშირის ესთეტიკასთან უფრო არის გაიგივებული. ბოლო დროს, იმ პერიოდში არსებული სათამაშოები და წვიმები გლობალურად აქტუალური და ტრენდული ხდება, როგორც საახალწლო დეკორში, ასევე მოდის ინდუსტრიაში. თუ სახლში ვინტაჟური საახალწლო განწყობის შემოტანა გსურთ, საუკეთესო შანსია თქვენი ბავშვობის დროინდელი დეკორაციების გასაცოცხლებლად. თუ სახლში ძველი დეკორაციები არ მოგეპოვებათ, არ იდარდოთ, როგორც უკვე ვახსენეთ, მსგავსი გაფორმებები კვლავ ტრენდულია, ამიტომ მისი მოძებნა სათამაშოების მაღაზიებში არ გაგიჭირდებათ. ხოლო თუ ნამდვილ ვინტაჟს ეძებთ, ე.წ. ფლი მარკეტები და მშრალ ხიდთან არსებული ღია ბაზრობები ის ადგილებია, სადაც ისეთ ვინტაჟურ საახალწლო ნივთებს გადააწყდებით, რომლებიც ათწლეულებს ითვლიან და ისტორიებს ინახავენ. პოპულარული ვინტაჟური სათამაშოების სიაში შედის მაკნატუნას კაცუნა, რუდოლფის ირემი, ლიანდაგიანი ორთქლის მატარებელი, ანგელოზი და ცხენი. დეკორისთვის კი პრიალა გრინლიანდები გამოგადგებათ.
სკანდინავიური
სკანდინავიურ გაფორმებაზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრადიციულისა და მინიმალისტურის გადაკვეთაშია. ის უბრალო და ბუნებასთან მიახლოებული ესთეტიკით გამოირჩევა. Გამოიყენეთ მაქსიმალურად ნეიტრალური ფერები და ჩართეთ ბუნებრივი ელემენტების დეკორი, როგორიცაა წიწვები, გირჩები, კენკროვანი ტოტები, რკო, კაკალი, გოგრა და ა.შ. ნაძვის ხის გაფორმებისას დაიმახსოვრეთ, რომ აქცენტი უნდა იყოს წიწვების გამოჩენაზე, ამიტომ არ გადატვირთოთ იგი არც დიდი და უხვი რაოდენობის სათამაშოებით და არც ჭრელი ფერებით. სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელია მიწიერი ფერები: ყავისფერი, მწვანე, სტაფილოსფერი, ყვითელი, შავი და ოქროსფერი.
ბრჭყვიალა
ბრჭყვიალა გაფორმების მთავარი ფუნქცია თვალისმომჭრელი, ეფექტური ფერებია. არ შეგეშინდეთ და დატვირთეთ ნაძვის ხე ბევრი ხასხასა ფერით, თუნდაც ეს ფერები არ იყოს ტრადიციულად საახალწლო ფერების კატეგორიაში, ამ სტილის ფუნქციაც სწორედ არატრადიციული ესთეტიკის დანერგვაა. თავისუფლად შეგიძლიათ ნაძვის ხეში გამოყენებული ფერები შეუხამოთ სახლში არსებულ საახალწლო დეკორსაც.
ომბრე
ომბრე ნაძვის ხე ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი, მაგრამ ცალსახად ეფექტური სტილია. მართალია ჩვეულებრივზე მეტ ძალისხმევასა და სათამაშოებს მოითხოვს, თუმცა შედეგი ნამდვილად ღირს გამოწვევად. ფერების გრადაცია თავიდან ბოლომდე თქვენს განწყობასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. ერთ ნაძვის ხეში შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა ფერის გრადაცია, ან შეარჩიოთ ორი ან მეტი ფერი და თანმიმდევრული განაწილებით მოახდინოთ ომბრეს ეფექტი. საუკეთესო ეფექტის მისაღებად, გირჩევთ ნაძვის ხის წიწვები შეუხამოთ ომბრეს ფერებს. ამისათვის არ არის აუცილებელი ფერადი წიწვები შეიძინოთ. Თთავისუფლად შეგიძლიათ ტრადიციული მწვანე ნაძვის წიწვები პულვერიზატორით ან სხვა საღებავი საშუალებებით შეღებოთ და სასურველი შედეგი მიიღოთ.
ლურჯი და ვერცხლისფერი
ლურჯი და ვერცხლისფერი საუკეთესო მიქსია თოვლიანი და ზღაპრული ახალი წლის ესთეტიკის შესაქმნელად. Ამ სტილის გაფორმებისთვის, დათოვლილი ნაძვის ხე იდეალური არჩევანია. გამოიყენეთ ცისფერი, მუქი იასამნისფერი, ზურმუხტისფერი და ოქროსფერი სათამაშოებიც, რადგან იგრძნობოდეს მსუბუქი, მაგრამ შესამჩნევი ფერთა კონტრასტი.
ამ ბლოგში თქვენ გაეცანით ნაძვის ხის მორთვის 8 მიმდინარეობას. იმედი გვაქვს, რომ საინტერესო და სასარგებლო რჩევები მიიღეთ, თქვენი სახლი საახალწლოდ მოაწყვეთ და რაც მთავარია, სადღესასწაულო განწყობა შეიქმენით.
გარდა რჩევებისა არქი მაცხოვრებლებს მუდმივად ანებივრებს სხვადასხვა შეთავაზებებით. სახლის აქსესუარების, ავეჯის, დეკორის, ტექნიკისა თუ მცენარებიის შეძენისას მათ შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და აქციებით. ფასდაკლების ბარათებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ არქი ქარდი ჩვენს ვებგვერდზე.