როგორ გადავაადგილოთ ავეჯი თვითიზოლაციის პერიოდში?
#ინტერიერი
სახლში გატარებული დრო ბევრ რამეზე გვაფიქრებს. ერთ-ერთი რამ, რაზეც შეიძლება დავფიქრდეთ, ჩვენს ბინაში ავეჯის განლაგებაა. უწინ ამას დიდ მნიშვნელობას არც მივანიჭებდით, ახლა კი რადგანაც მთელი დღის გატარება სახლში გვიწევს, ეს უფრო შესამჩნევი ხდება. თუ თქვენც აღმოაჩინეთ, რომ ავეჯის განლაგება არ მოგწონთ, მათი შეცვლა მარტივად შეგიძლიათ. რაც მთავარია, ამ მიზნის შესასრულებლად არ მოგიწევთ სახლიდან გასვლა თუ ფულის დახარჯვა, საერთო ჯამში კი თერაპიულ და დამამშვიდებელ შედეგს მიიღებთ.
სახლში ავეჯის გადაადგილება ფოკუსის წერტილის პოვნით იწყება. ფოკუსის წერტილი ინტერიერის დიზაინში ფუნდამენტური ელემენტია და სივრცის კომპოზიციურად შეკვრაში გვეხმარება. ეს შეიძლება იყოს ჩაშენებული ბუხრის თარო, აგურის კედელი, დიდი ფანჯარა, ტელევიზორი და სხვა რამ, რომელსაც ბინაში შესვლისთანავე პირველად ვამჩნევთ. ავეჯის გადაადგილების დროს ფოკუსის წერტილით ვხელმძღვანელობთ და მის გარშემო განვალაგებთ.
ოთახის ზომას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ავეჯსა და კედელს შორის ყოველთვის უნდა იყოს რამდენიმე სანტიმეტრი დაშორება. ეს ოთახის ზომას ვიზუალურად გაზრდის და სივრცეს ჰაეროვნებასაც მიანიჭებს.
ოჯახის წევრებს ერთმანეთთან საუბარი მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უნდა შეეძლოთ. სავარძლები და სკამები ერთმანეთის პირისპირ დადგით. თუ სავარძელი ტელევიზორის პირდაპირ დგას, ორივე მხრიდან სკამები გადაუნაწილეთ. რაც შეეხება მისაღებ ოთახში დასაჯდომი სკამების რაოდენობას, ისინი იმდენივე უნდა იყოს, რამდენიც სამზარეულო მაგიდასთან გინდათ.
ინტერიერის დიზაინში ბალანსი აუცილებელი რამ არის. დარწმუნდით, რომ ყველა ზომის ავეჯი ერთ ოთახში ან ერთ სივრცეში არ იყოს განლაგებული. ეს წესი განსაკუთრებით საძინებელ ოთახს ეხება. ყველაზე მასიური რამ, რაც ამ ოთახში გვაქვს, საწოლია. მის გვერდით პატარა ტუმბოები განალაგეთ, ხოლო კარადა მის წინ ან ცოტა მოშორებით დადგით. პატარა ზომის საძინებელი ოთახის შემთხვევაში კედლის განათება მაგიდის სანათურებით ჩაანაცვლეთ, კუთხის მაგიდის ნაცვლად კი დაკიდული თაროები გამოიყენეთ.
ოთახის დიზაინი მეტად საინტერესო რომ გახდეს, ამაში ერთი პატარა წესი დაგეხმარებათ: დარწმუნდით, რომ ყველა ავეჯი ერთი სიმაღლის არ არის. თითოეულ ოთახში გქონდეთ, როგორც მაღალი, ასევე დაბალი ავეჯი. მაგალითად, დაბალი ყავის მაგიდისა და ჭერამდე სიმაღლის ნახატის კომბინაცია შესანიშნავი ვარიანტია. როგორც ამბობენ, ყველა წესს გამონაკლისი აქვსო, აქაც იმავე სიტუაციას ვაწყდებით. მაგალითად, ყავის მაგიდა ზუსტად იმავე სიმაღლის უნდა იყოს, რამხელაც მასთან მიდგმული სკამია. ეს გამონაკლისი კუთხის მაგიდებზეც ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ არქიში ბინის შეძენის შემთხვევაში, გეგმარება შეგიძლიათ თავად შექმნათ ან ჩვენი გამოცდილი არქიტექტორები დაიხმაროთ. სწორი გეგმარება კი სწორად განლაგებული ავეჯის საწინდარია.