დაეუფლე ახალ პროფესიებს სახლიდან გაუსვლელად
#სხვა
თავისუფალი დროის ყველაზე კარგი გამოყენება თვითგანვითარებაზე ზრუნვაა. საუკეთესო გზა ამისთვის რაიმე ახლის შესწავლა ან არსებული ცოდნის გაუმჯობესებაა. მრავალი ცნობილი უნივერსიტეტი და საგანმანათლებლო დაწესებულება უამრავ უფასო კურსს გთავაზობთ. მაგალითად, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ გახდეთ ისეთი ცნობილი უნივერსიტეტის სტუდენტი, როგორიც, იელი ან ჰარვარდია.
თავისუფალი დრო არსებული პროფესიული უნარების გაუმჯობესებას დაუთმეთ. მიუხედავად არსებული სიტუაციისა, მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ მას ფეხი ავუწყოთ. ახალი ცოდნა და უნარები უფრო თავდაჯერებულს გაგხდით და დაგეხმარებათ სამსახურში კონკურენტუნარიანი დარჩეთ. თუ დიდი ხანია გსურთ გაიღრმავოთ ცოდნა კომპიუტერულ პროგრამებში, შეისწავლოთ ფოტოშოფი, ამაზე საუკეთესო დროს ვერ იპოვით.
გიოცნებიათ ბავშვობაში ბალერინობაზე, მუსიკოსობასა თუ ასტრონავტობაზე, ახლა კი საერთოდ სხვა სპეციალობის ხართ? ეს პერიოდი თქვენი ბავშვობის ოცნებების ასრულებისთვის საუკეთესო დროა. ონლაინ კურსები და Youtube დაგეხმარებათ ნებისმიერ პროფესიას დაეუფლოთ. მაგალითად, შეგიძლიათ შეისწავლოთ კულინარია. ინტერნეტში ვიდეორეცეპტების ზღვა მასალაა, რაც დაგეხმარებათ სახლში კულინარიული შედევრები შექმნათ.
ასევე შეგიძლიათ შეისწავლოთ ახალი ენა, რომლის სწავლაც ძალიან დიდი ხანია გსურდათ და დრო არ გყოფნიდათ. ეს კონკრეტული აქტივობა გააუმჯობესებს თქვენს მეხსიერებას. თუ ასტრონომია გაინტერესებთ, შეგიძლიათ ინტერნეტში ასტრონომიული ღონისძიებები მოძებნოთ, რომლებიც ონლაინ ლექციებს გთავაზობენ. დაიწყეთ დაკვრა სხვადასხვა ინსტრუმენტზე. ჩაუჯექით ცეკვის გაკვეთილებსაც და თავისუფლად აჰყევით რიტმს. ეს საუკეთესო საშუალებაა გაათავისუფლოთ თქვენი სხეული და გონება.
დაეუფლეთ მეორეულ პროფესიასაც, მაგალითად, სურნელოვანი სანთლების კეთება. ინტერნეტში გადააწყდებით მრავალ ინსტრუქციას, თუ როგორ შექმნათ ხელნაკეთი სურნელოვანი სანთლები. ამ საქმიანობით შეგიძლიათ პატარა სტარტაპიც წამოიწყოთ. ჰობად გაიხადეთ ასევე კოსმეტოლოგია. შეისწავლეთ ყველაფერი კანის მოვლის რუტინის შესახებ. სცადეთ მაკიაჟის გაკეთებაც. ეს გაგამხიარულებთ და თავდაჯერებულობას შეგძენთ.
ერთ-ერთი საქმიანობა, რაც შეგიძლიათ ჰობად გადააქციოთ, კალიგრაფიაა. ეს აქტივობა განსაკუთრებით ბავშვებში არის პოპულარული. ლამაზად წერის შესახებ Youtube-ზე უამრავ საინტერესო გაკვეთილს შეხვდებით, რომლებიც დამწყებებისთვისაც არის განკუთვნილი. ჩართეთ ამ პროცესში თქვენი ოჯახის პატარა წევრებიც.
დღესდღეობით ფოტოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. სახლში ყოფნა ფოტოგადაღების უნარების დახვეწაში ხელს არ შეგიშლით. თქვენი სახლის ფანჯრებიდან და აივნიდან გაზაფხულის ულამაზეს ხედებს ფოტოები გადაუღეთ. თუ ფოტოაპარატი არ გაქვთ, მობილური ტელეფონის კამერა დაიხმარეთ.
თუ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფალი დრო პროდუქტიულად, სახლში ყოფნა ბევრად საინტერესო და სასარგებლო აქტივობად გადაიქცევა.