ინტერვიუ 3D გრაფიკოს - თათა ხაჩიძესთან
#ინტერვიუ
თათა ხაჩიძე არქიში 2021 წლის მაისიდან მუშაობს და 3D გრაფიკოსის პოზიციას იკავებს. თათას საქმიანობა არქის მომხმარებლებს მათი მომავალი საცხოვრებელი სახლის ვიზუალიზაციაში ეხმარება.
ჩემი საქმიანობა არქიში
ნახევარი წელია რაც არქიში 3D გრაფიკოსის პოზიციას ვიკავებ, პროფესიით ინტერიერის დიზაინერი ვარ. ვფიქრობ, რომ ჩემი საქმიანობა აისახება არქის, როგორც პრესტიჟული კომპანიის იერსახეზე, რადგან აქსონომეტრიული რენდერები - ბინის ინტერიერის შეფუთვა მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, შეექმნას მისთვის სასურველ ბინაში ცხოვრების ასოციაცია, რაც ბინის შეძენისას ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. გარდა ამისა, ვქმნით ფასადების, კორპუსების, ექსტერიერის რენდერებს - სკვერებსა და ლანდშაფტებს. არქი არის პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს ინსტაგრამზე ინტერიერის მოწყობა შესთავაზა, სადაც სთორებში ეტაპობრივად თავად ირჩევენ ინტერიერის სხვადასხვა ელემენტებს. ჩვენს მომხმარებლებს ბინის შეძენის შემდეგ ვეხმარებით დიზაინის შერჩევაში, რაც არქის გამოარჩევს სხვა კომპანიებისგამ. ამ წამოწყებას ძალიან დიდი გამოხმაურება და ჩართულობა მოჰყვა, შესაბამისად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს გამომწერებს ძალიან მოსწონთ ინდივიდუალური მიდგომა და მონაწილეობის მიღება, ჩემთვის კი მათი ემოციები ორმაგად სასიხარულოა.
პირველი დღე არქიში
არქის გუნდის წევრობის სურვილი საკმაოდ დიდი იყო. გასაუბრებაზე ძალიან ემოციურად ვიყავი, ჩემი ნამუშევრები ძალიან მოეწონათ. არქიში პირველი დღეს უმაღლესი განწყობით მოვედი და ასეთივე მუხტით დამხვდნენ. არსად მეგულება ასეთი შეკრული, თბილი და პოზიტიური კოლექტივი, რომელიც ფაქტობრივად ერთი დიდი ოჯახია. რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავდი კიდეც, ეს იყო ახალი გამოწვევა და პასუხისმგებლობა, თუმცა ჩვენი დიზაინერების გუნდი, ძალიან დამიდგა გვერდში, ყველა ჩემს კითხვაზე ჰქონდათ სრულყოფილი პასუხი, რამაც ჩემს განწყობასა და მოტივაციაზე ძალიან პოზიტიური გავლენა მოახდინა. ძალიან მიყვარს პროდუქტიულად დატვირთული, ენერგიული სამუშაო გარემო და დედლაინები. არქიში ყოველდღიურად სწორად ასეთი მუხტია.
რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს საქმიანობაში
ვთვლი, რომ ჩემი საქმიანობა ყოველთვის მრავალფეროვანი და საინტერესოა. არაფერი შეედრება იმ შეგრძნებას, როდესაც ჩემი გემოვნებით, ცოდნითა და შრომით ვქმნი ინტერიერს, შემდეგ კი მას სისრულეში მოყვანილს ვხედავ, ამ პროცესს გარკვეული ექსტრემიც ახლავს თან და ცოტა არ იყოს დამოკიდებულიც კი ვარ ამ შეგრძნებაზე. ამასთან ერთად, ის ფაქტი რომ ადამიანი მანდობს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და ინტიმურ სივრცეს, მის სახლს, ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა.
დასამახსოვრებელი დღე არქიში
ყველაზე კარგად მახსენდება ჩემი პირველი დიზაინი, რომელიც არქის საიტზე დაიდო. ბევრი მოწონება და გამოხმაურება მივიღეთ, რამაც ძალიან გამაბედნიერა. არანაკლებ ემოციური იყო ოლიმპური თამაშების პერიოდი არქიში. ჩვენი სპორტსმენების მოგებასა და წაგებას უდიდესი ემოციებით ვხვდებოდით, ფაქტობრივად თამაშის ნაწილი ვხდებოდით, რაც მოწმობს არქის ჩართულობას ქართული სპორტის მხარდაჭერასა და წახალისებაში.
რომ არა არქი
პირველ რიგში არ მეცოდინებოდა ის გუნდურობა რაც არქიშია. აქ ვისწავლე, რომ ერთად შექმნილი პროდუქტი, ბევრად უფრო ხარისხიანი და ფასეულია. არქიში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ახალ პროგრამებში მუშაობა ვისწავლე, რამაც მეტის გაკეთების საშუალება მომცა, პროფესიონალებთან მუშაობამ კი გამზარდა და დამხვეწა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არქიმ მეტად ფერადი და პოზიტიური გამხადა, აქამდე ასეთი არ ვიყავი. ერთი კითხვის ნიშანიც არ ჩნდება, რომ სწორედ იქ ვარ სადაც უნდა ვიყო.
ჩემ შესახებ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე არქიტექტურის, ურბანისტიკა და ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე, შემდეგ იმავე უნივერსიტეტში მაგისტრის წოდება მივიღე ინტერიერის დიზაინის განხრით, ახლა კი დოქტორანტურაზე ვსწავლობ. არქი ნამდვილად არის ის კომპანია, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლებს როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებაში.
ავტორი - მარიამ როხვაძე