2026 წლის ივლისიდან საქართველოში #1 დეველოპერული კომპანია „არქი“ გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე და საქართველოს ქსელის წევრი გახდა.
გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე მასშტაბური ინიციატივაა, რომელიც 25 000-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში. ინიციატივის მიზანია პასუხისმგებლიანი, მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის განვითარება ადამიანების, საზოგადოებისა და ბიზნესგარემოს საკეთილდღეოდ.
არქისთვის, როგორც ბაზრის ლიდერი კომპანიისთვის, გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარება და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები გრძელვადიან სტრატეგიას წარმოადგენს.
გაეროს გლობალურ შეთანხმებაში მონაწილეობა „არქისთვის“ მდგრადი განვითარების მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. წევრობა კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, გაიზიაროს საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილება, ჩაერთოს ადგილობრივ და გლობალურ ინიციატივებში, ითანამშრომლოს პასუხისმგებლიან ორგანიზაციებთან და მდგრადობის პრინციპები საკუთარ საქმიანობაში კიდევ უფრო აქტიურად დანერგოს.
გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის დაცვა და მათი თანმიმდევრული ინტეგრირება „არქის“ საქმიანობასა და სტრატეგიაში კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.